შერმადინის 17 ქულა და გამარჯვება ევროლიგელ “გრან კანარიასთან”

შერმადინის 17 ქულა და გამარჯვება ევროლიგელ “გრან კანარიასთან”

გიორგი შერმადინის საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. “უნიკახას” ქართველმა ცენტრმა ესპანეთის მორიგ ტურში 17 ქულა მიითვალა და მალაგელებს მძლავრი მეტოქე – “გრან კანარია” დაამარცხებინა. სწორედ კანარის კუნძულების გუნდია, გასულ სეზონში მოწინავე ადგილზე გასვლით “უნიკახას” ევროლიგის საგზური რომ წაართვა. დღევანდელ მატჩში მალაგელებმა “გრან კანარიას” შანსი არ დაუტოვეს – 89:76 სძლიეს და ლიგის ლიდერებში გაერივნენ.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:23 წუთი გაატარა. ამ მაჩვენებლით ქართველი ცენტრი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ხაიმე ფერნანდესს (25:55) ჩამორჩა. გიორგიმ 10-დან 7 ორქულიანი და 3-დან სამივე საჯარიმო ჩააგდო. 17 ქულასთან ერთად შერმადინს 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჰქონდა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 21 შეადგინა და ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ ხაიმე ფერნანდესს (24) ჩამორჩა, რომელმაც 22 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

ისევე როგორც თორნიკე შენგელიას, მეტ ჯენინგის (ბასკონია) და თად მაკფადენის (იბეროსტარი) გუნდებს, შერმადინის “უნიკახასაც” 3 მოგების წილ 1 მარცხი აქვს. ეს 3 გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში დაუმარცხებელი “რეალისა” და “ბარსელონას” შემდეგ III-V ადგილებს იყოფენ. “უნიკახას” მომდევნო მეტოქე “მანრესა” იქნება, რომელსაც შერმადინის გუნდი 20 ოქტომბერს, სტუმრად შეხვდება.