ესპანური ტენერიფე, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც გიორგი შერმადინია, შიდაჩემპიონატთან ერთად ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაშიც ლიდერია. ტენერიფელებმა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში ისრაელის ბნეი ჰერცელიას უმასპინძლეს, იოლად დაამარცხეს და ჯგუფში გალიდერდნენ. მატჩი, რომლის MVP-ის ტიტულამდე შერმადინს მცირედი დააკლდა, ტენერიფელებმა 20 ქულის სხვაობით – 83:63 მოიგეს.
ქართველმა ცენტრმა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:11 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველმა ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 36 (!) ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (23) ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულას 9 პასი წაამატა და შეხვედრის MVP-ც გახდა. ისიც სათქმელია, რომ ესპანურმა კლუბმა პირველი მეოთხედი 20 ქულის სხვაობით (34:14) მოიგო და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა.
4 ტურის შემდეგ ტენერიფეს 3 მოგება აქვს და თავის ჯგუფში პირველია. ეს ერთადერთი მარცხი შერმადინის გუნდმა საბერძნეთში, პერისტერისთან განიცადა და მომდევნო ტურში, 14 დეკემბერს, სწორედ მას მასპინძლობს და რევანშის შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს ნაადრევად გაინაღდებს.