ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ბოსნიურ იგოკეას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 80:75 დაამარცხა. ესპანელებს მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ გადამწყვეტი მე-3 პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც კანარელებმა 6 ქულით მოიგეს და მოპოვებული უპირატესობა დასკვნით მეოთხედში შეინარჩუნეს.
გიორგი შერმადინი მატჩის MVP იყო. 31 წლის ქართველმა ცენტრმა 20:10 წუთში 21 ქულის, 3 მოხსნისა და 2 დაფარების მითვლა მოასწრო. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. სტატისტიკაც მეტყველებს, რომ მან შეტევაში პრაქტიკულად იდეალურად ითამაშა.
შერმადინის ეფექტურობის კოეფიციენტი 20 აღმოჩნდა, რაც მხოლოდ იგოკეას წევრ ჯეკი კარმაიკლის შედეგს ჩამორჩება (27). ქართველი კალათბურთელის გარდა ესპანური გუნდის რიგებიდან 10-ქულიან ზღვარს ბრუნო ფიტიპალდო (16) ასცდა, ხოლო სანტი იუსტას აქტივში 10 ქულა იყო.
ლენოვო ტენერიფე J ჯგუფში 3 გამარჯვებით და 1 მარცხით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 31 მარტს ლატვიურ რიგას სტუმრად დაუპირისპირდება.