გიორგი შერმადინმა MVP-ის ტიტულის გემო გაიხსენა. მისმა ტენერიფემ მისივე ყოფილი გუნდი “უნიკახა” ისტუმრა და ქართველი ცენტრის წინამძღოლობით დაძაბულ ბრძოლაში – 91:84 დაამარცხა. გიორგი შერმადინმა მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო სტატისტიკა დააფიქსირა და ის დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.
შერმადინმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო მოედანზე გატარებულ არასრულ 30 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა 10-დან 8 ორქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 8-ჯერ დაირღვა.
მთლიანობაში, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 36 შეადგინა და აღნიშნული მატჩის საუკეთესო შედეგი ხომ დააფიქსირა, მას ასევე კარგი შანსი აქვს, ტურის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულიც მოიპოვოს.
ლენოვო ტენერიფემ 11 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, ამასთან, რეალს, ბარსელონასა და ბასკონიას მხოლოდ თითო გამარჯვებით ჩამორჩება. ამ გამარჯვებით ლენოვომ ესპანეთის სამეფო თასზე ასპარეზობა გაინაღდა. ეს ნიშნავს, რომ თასამდე დარჩენილ დროში (თებერვლის შუა რიცხვები) ტენერიფე არასგზით არ ჩამოსცდება მე-8 ადგილს.
ტენერიფელებმა ესპანეთის სამეფო თასის საგზური გაინაღდეს, მომდევნო მატჩს კი, 14 იანვარს სტუმრად, შერმადინის კიდევ ერთ ყოფილ კლუბ სარაგოსასთან ჩაატარებენ.