გიორგი შერმადინის წინამძღოლობით “ტენერიფემ” ესპანეთის სამეფო თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. დებულებით, თასის გათამაშებაში ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის 8 საუკეთესო გუნდი ასპარეზობს, ტენერიფელებმა კი გასულ ტურში სტუმრად “ბურგოსი” დაამარცხეს და მოწინავე რვეულში ადგილი გაინაღდეს.
ბურგოსში 81:73 მოგებულ მატჩში საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი. 23 ქულით ქართველი ცენტრი მატჩის ბომბარდირი ხომ გახდა და ეს ისე მოახერხა, ყველა ნასროლი ჩააგდო. შერმადინმა 8-დან 8 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო მიითვალა და 23 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მას პასივში 4 ჯარიმა და 3 დაკარგვა ჰქონდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, საერთო სარგებლიანობის მაჩვენებლით მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა – 29.
ქართველი ცენტრი დამსახურებულად გახდა მატჩის MVP და ესპანური ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა თავის სამატჩო მიმოხილვაში გადაუჭარბებელი შეფასება მისცა მის დამსახურებას: “შერმადინმა ტენერიფე სამეფო თასზე გაიყვანა”.
ესპანეთის სამეფო თასი თებერვალში გაიმართება