გიორგი შერმადინი და ვლადიმერ ბოისა სლოვენიურ ვერცხლს დასჯერდნენ. საქართველოს ნაკრების წარგზავნილთა გუნდმა „ოლიმპიამ“ ფინალური სერიის მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა სტუმრად, ნოვო მესტოში 57:64 წააგო „კრკასთან“ და ჩემპიონი ვერ გახდა. ლიუბლიანელები ფინალურ სერიას 2:1 იგებდნენ, თუმცა ბოლო ნაბიჯის გადადგმა ვერც შინ და ვერც ნოვო მესტოში ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 2:3 დამარცხდნენ.
გადამწყვეტი მატჩის მხოლოდ მეორე მეოთხედი ითამაშა „ოლიმპიამ“ კარგად. საწყისი ათხუთეულის 7:17 წაგების შემდეგ ლიუბლიანელებმა მეორე პერიოდი 21:8 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 28:25 დაწინაურდნენ. ამ მომენტისთვის გიორგი შერმადინს 11 წუთში 5 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა გაკეთებული და ის თვისიანთაგან ერთ–ერთი წამყვანი იყო. თუმცა მეორე ტაიმი ლიუბლიანელებმა ჩააგდეს. მესამე 9:14, ხოლო მეოთხე მეოთხედი – 20:25 დათმეს და საბოლოოდ ჩემპიონობასაც დაემშვიდობნენ.
შერმადინი მეორე ტაიმში მხოლოდ 5 წუთით ათამაშეს და ქართველმა ცენტრმაც საკუთარი აქტივისთვის მხოლოდ 1 მოხსნის და დაფარების შემატება შესძლო. მთლიანობაში მისი სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: 16:37 წუთი, 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება. მთლიანობაში ეს მაჩვენებელი ერთ–ერთი საუკეთესო იყო ოლიმპიელთა შორის. შერმადინმა და კენი გრეგორიმ ლიუბლიანელთა შორის ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (16) დააგროვეს. რაც შეეხება ვლადიმერ ბოისას, იგი მოედანზე სიმბოლური დროით იმყოფებოდა. 1,19 ქუთში მან ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.
ნოვომესტოელები ჩემპიონობას ზეიმობენ
შერმადინი და ბოისა სეზონს ერთადერთი მოგებული ტიტულით ასრულებენ – ესაა სლოვენიის თასი. „ოლიმპიამ“ ადრიატიკის ლიგის ფინალი და ახლა უკვე ჩემპიონატის ფინალური სერია წააგო.