დასანანი მარცხი იწვნია ვლადიმერ ბოისასა და გიორგი შერმადინის “ოლიმპიამ”. სლოვენიის ჩემპიონატში მეორე ეტაპიდან ჩაბმულმა ლიუბლიანურმა გუნდმა საწყის სამ მატჩში იოლი გამარჯვებები მოიპოვა, ხოლო წუხელ, თანაქალაქურ “სლოვანთან” დრამატულ ბრძოლაში – 69:70 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ორივე კალათბურთელი ხუთეულში იყო, თუმცა არც ერთს ბევრი არ უთამაშია. ბოისამ მოედანზე 14 წუთი გაატარ, ხოლო შერმადინმა – 11. ვლადიმერი საკმაოდ აქტიური იყო. მასზე სლოვანელები 4-ჯერ დაჯარიმდნენ და ბოისას 7-ჯერ მოუწია საჯარიმოს სროლა, საიდანაც მხოლოდ 4 ჩააგდო. ვოვამ 2-დან 1 ორქულიანიც ჩააგდო და საბოლოოდ 6 ქულა დაუგროვდა, რასაც 2 მოხსნა და 1 პასიც მოაყოლა.
შერმადინმაც ცუდად შეასრულა საჯარიმოები. გიორგიმ 3-დან ყველა სროლა ააცილა, ხოლო სამი ორქულიანიდან 1 ჩააგდო და მისი მონაგრიც ეს იყო. იგი ფარქვეშ საკმაოდ აქტიური იყო და საბოლოოდ 6 მოხსნა დაუგროვდა.
“ოლიმპიას” ეს წაგება ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა. ჩემპიონატის ფავორიტმა “კრკამ” ამ ტურში იოლი გამარჯვება მიითვალა და 4 მტჩიდან დაუმარცხებლად ლიდერობს. “ოლიმპია” კი მეორე ადგილზეა.
გიორგი შერმადინი სლოვანელი კლემენ ლორბეკის დაფარებას ცდილობს