შერმადინის გადამწყვეტი დაფარება და ტენერიფეს მორიგი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

შერმადინის გადამწყვეტი დაფარება და ტენერიფეს მორიგი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მეხუთე მატჩი მოიგო. ესპანელებმა თურქეთის “გაიზანთეფი” 69:67 დაამარცხეს.

ეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება წაგებული მატჩის მოგება. აი, თუ არ გჯერათ: საფინალო სირენამდე 1:20 წუთით ადრე “გაზიანთეფი” 67:60-ს იგებდა. ფინელმა საშუ სალინმა სამქულიანით სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა. მატჩის დასრულებას 26 წამი რომ უკლდა სანტი იუსტამ მორიგი სამქულიანით ტაბლოზე 66:67 დააფიქსირა. 

თურქები ასეთ ანგარიშზეც გამარჯვების მთავარ პრეტენდენტებად ითვლებოდნენ, მაგრამ ბურთის შემოტანისას 5 წამის წესი დაარღვიეს, ბურთი “ტენერიფეს” გადაეცა და სრულფასოვანი სეტევის განხორციელების საშუალებაც მიეცა. განახორციელა კიდეც – იმავე სალინმა სირენამდე 7 წამით ადრე სამქულიანით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 69:67.

“გაზიანთეფის” ბოლო შეტევა გიორგი შერმადინმა დაფარებით ჩაშალა და “ტენერიფემაც” მნიშვნელოვანი საშინაო მოგება გაიფორმა.

გიორგის მონაგარი ასეთი იყო: 23 წუთი, 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება. მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი გახდა – 20 ქულა.

“ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს ლატვიაში, 19 ნოემბერს “ვეფ რიგასთან” გამართავს.