შერმადინის ხუთეული და დაფარებებში პირველობა

შერმადინის ხუთეული და დაფარებებში პირველობა

ევროლიგის მორიგ ტურში ლიუბლიანის “ოლიმპიამ” შინ რომის “ლოტომატიკასთან” 76:87 წააგო. გიორგი შერმადინი ხუთეულში გამოჩნდა, რაც, მის ბოლოდროინდელ წარმატებულ თამაშს თუ გავითვალისწინებთ, სავსებით მოსალოდნელი იყო.
შერმადინმა მოედანზე მთლიანობაში 20,22 წუთი გაატარა და კვლავ გამოავლინა ბომბარდირული თვისებები. გიორგიმ თამაშიდან და საჯარიმოს ხაზიდან გნხორციელებული ყველა სროლა ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, მას 10 ქულა მოუგროვდა, რასაც შერმადინმა 5 მოხსნა და 3 დაფარება მოაყოლა. ყველაზე მნიშვნელოვანიც ეს ბოლო მაჩვენებელია, რადგან გიორგი დაფარებებში ევროლიგის ტოპ-16-ში დაფარებებში პირველ ადგილზე გადავიდა. შერმადინს 5 მატჩში 12 დაფარება აქვს, რაც საშუალოდ 2,4 გამოდის. მეორე ადგილზე ოლიმპიაკოსელი რაშო ნესტეროვიჩია (1,75), ხოლო მესამეზე პარტიზანელი ჯეიმს გითსი (1,5).
“ლოტომატიკასთან” 16 წუთი ითამაშა ვლადიმერ ბოსამ, რომელიც 1 მოხსნას დასჯერდა. “ოლიმპიას” 1 გამარჯვება და 4 მარცხი გააჩნია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს. წლევანდელი ევროლიგის ბოლო მატჩს “ოლიმპია” 3 მარტს, შინ “ბარსელონასთან” გამართავს.