შერმადინის მეორედ მისვლა ევროლიგაში და სანიკიძე ორმაგი დუბლის ზღვარზე

შერმადინის მეორედ მისვლა ევროლიგაში და სანიკიძე ორმაგი დუბლის ზღვარზე

ვიქტორ სანიკიძემ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა „სიენას“ შემადგენლობაში. იტალიურმა გრანდმა ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩიც მოიგო, რაშიც ქართველმა ფორვარდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. სანიკიძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
 
„სიენამ“ ჯგუფის კიდევ ერთ დაუმარცხებელ გუნდ „ხიმკის“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან 2:16 აგებდა, საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება შეძლო – 82:76. სანიკიძემ 26,42 წუთი ითამაშა და 4-დან 4 ორქულიანი ჩააგო. ქართველმა ფორვარდმა ერთადერთი სამიანი ააცილა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 4 ცდიდან 3 სროლა მიითვალა. შესაბამისად, ვიქტორს 11 ქულა დაუგროვდა, რასაც მან 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.  საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (20) სანიკიძე სიენელთაგან მხოლოლოდ ტომას რესს (28) ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულა და 10 მოხსნა მოინაგრა. 20 ქულით დაასრულა შეხვედრა იტალიური კლუბის ამერიკელმა გამთამაშებელმა ბობი ბრაუნმა, თუმცა სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები ჰქონდა მწირი და მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმაც მხოლოდ 14 შეადგინა.
 
მომდევნო ტურში – 18 დეკემბერს – „სიენა“ ათენში გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება, რომელმაც ამ ტურში სტუმრად „ბარსელონასთან“ წააგო. პირველად მოხდა, რომ ევროლიგის ერთი სეზონის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 2 კლუბის მაისურა მოირგო. შერმადინმა მიმდინარე სეზონი ისრაელის „მაკაბიში“ დაიწყო და ავად თუ კარგად, თელავიველებს ევროლიგის მატჩებშიც ეხმარებოდა. პირველი წრის შემდეგ ებრაელებმა შერმადინი გაუშვეს, რომელმაც არანაკლებ (თუ უკეთესს არა) გუნდს მიაშურა და დღეს „ოლიმპიაკოსის“ შემადგენლობაში ევროლიგაში ითამაშა.
 

შერმადინი ბარსელონელთა ფარს უტევს
 
სამწუხარო ისაა, რომ ბერძნულმა გუნდმა წააგო. მოგების მოპოვება რთული იყო, რადგან შერმადინის გუნდი წინა ტურში „ხიმკისგან“ დამარცხებულსა და ამის გამო გამწარებულ „ბარსელონას“ ხვდებოდა, თანაც კატალონიაში. ვერც დაამარცხა, თუმცა ღირსეულად იბრძოლა. საბოლოო ანგარიშია 76:68 მასპინძლების სასარგებლოდ.
 
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 7,29 წუთი ითამაშა, ქართველი ცენტრი საკმაოდ სარგებლიანი იყო. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და ზუსტად ასეთი შედეგიანობით ესროლა საჯარიმოებიც. შესაბამისად, ქართველ ცენტრს 6 ქულა დაუგროვდა, რასაც მან 3 მოხსნა და 1 დაფაცება მოაყოლა და საკმაოდ მაღალი საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტს მოუყარა თავი. შერმადინი (10) ამ მხრივ მხოლოდ გეორგიოს პრინტეზისსა და პერო ანტიჩს ჩამორჩა, რომელთა მარგი ქმედების კოეფიციენტმაც 14 შეადგინა.
 
„ოლიმპიაკოსი“, რომელსაც 3 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს, მომდევნო ტურში, 18 იანვარს, ჯგუფის ლიდერ, ვიქტორ სანიკიძის „სიენას“ ხვდება.