შერმადინის ოქროს ქულით “კანტუმ” “ოლიმპიაკოსი” 64:63 დაამარცხა

შერმადინის ოქროს ქულით “კანტუმ” “ოლიმპიაკოსი” 64:63 დაამარცხა

მანუჩარ მარკიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუმ“ ევროლიგაში მორიგი, მესამე გამარჯვება მოიპოვა და ეს უშუალოდ ქართველი კალათბურთელის დახმარებით გააკეთა. როცა თამაშის დასრულებამდე 7 წამი რჩებოდა, ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ წევრი მიხალის პელეკანოსი შერმადინზე დაჯარიმდა. ამ მომენტისთვის ანგარიში 63:63 იყო და ქართველმა ცენტრმა ერთი ზუსტი სროლით თავისიანები დააწინაურა. მეორე სროლა კი შერმადინმა ააცილა,ბურთს სტუმართა უკანახაზელი კაილი ჰინსი დაეუფლა, მთელი მოედანი გადასერა და კანტუელთა ფარქვეშ შეიჭრა. აცილებული საჯარიმოს შემდეგ შერმადინი ჰინსს გამოეკიდა და ის–ის იყო, ოლიმპიაკოსელს გამარჯვების ბურთი უნდა ჩაეგდო, რომ მას შერმადინმა დაუფარა. შეხვედრაც აქ დასრულდა – 64:63.
 
მთელი თამაშის განმავლობაში „ოლიმპიაკოსი“ ლიდერობდა. პირველი მეოთხედი ბერძნულმა გრანდმა 4 ქულით მოიგო, დიდი შესვენებისთვის 3 ქულას იგებდა, ხოლო გადამწყვეტი პერიოდის წინ სხვაობა კვლავ 4 ქულა გახლდათ. ბოლო ათწუთეულში მასპინძლებმა მოახერხეს მობილიზება და საბოლოოდ დაძაბულ ფინალში შერმადინის დახმარებით ერთქულიანი გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის ბოლოს შერმადინთან ერთად მოედანზე იყო მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც ბოლო წუთებში უმნიშვნელოვანესი ორქულიანი ჩააგდო.
 
საერთოდ, ორივე ქართველმა 8-8 ქულა მოაგროვა. მანუჩარი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 9 ორქულიანიდან 4 ჩააგდო, მის ანგარიშზე ასევე 1 მოხსნა და 2 პასი იყო. შერმადინმა მოედანზე 12,31 წუთი დაყო და 4 ორქულიანიდან 3 ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმოდან 2 მოათავსა მეტოქის კალათში. შერმადინმა 4 მოხსნა და 2 დაფარებაც მიითვალა.
 
„კანტუს“ 3 მოგება და 1 მარცი აქვს და ეს გუნდი A ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს კანტუელები 16 ნოემბერს თურქეთში „ფენერბაჰჩესთან“ გამართავენ. ევროლიგაში საკუთარი მატჩი გამართა ზაზა ფაჩულიას „გალათასარაიმაც“, თუმცა ქართველ ცენტრს ტრავმის გამო ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. სტამბოლურმა გუნდმა კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – სტუმრად „ოლიმპია“ 79:70 დაამარცხა და D ჯგუფში მესამე ადგილზე აღზევდა. დღეს მეოთხე ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება. თორნიკე შენგელიას “შარლერუა” მილანის “არმანი ჯინსს” უმასპინძლებს.
 
მატჩის საუკეთესო მომენტები: http://www.youtube.com/euroleague#p/search/1/m2sVCd-z8sY
 

შერმადინი და კანტუელები “ოლიმპიაკოსის” დამარცხებას ზეიმობენ
 
A ჯგუფი
კახა ლაბორალი       3          0          231      214      17
კანტუ                         3          1          291      282      9
ფენერბაჰჩე              2          2          303      306      -3
ნანსი                          1          2          242      243      -1
ბილბაო                     1          3          288      299      -11
ოლიმპიაკოსი           1          3          284      295      -11