ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში ნამდვილი საკალათბურთო თრილერი გათამაშდა. „ტენერიფე“, რომელიც საკუთარ კედლებში გამოკვეთილ ფავორიტად ითვლებოდა, გიორგი შერმადინის ყოფილ კლუბს, „მორაბანკ ანდორას“ დაუპირისპირდა და უმძიმესი მარცხი იწვნია — 89:90.
შეხვედრის კულმინაცია მატჩის ფინალურ აკორდებში დადგა. სტუმართა გამარჯვება ვეტერანი მცველის, კაილ კურიჩის ფაქტორმა განაპირობა. კურიჩმა მორიგი, რიგით მე-6 სამქულიანი სწორედ მაშინ გამოიყენა, როცა ტაბლოზე გადამწყვეტი წამები იწურებოდა. მან ჯამში 23 ქულა მოაგროვა და აუტსაიდერის სტატუსით ჩასულ „ანდორას“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
გიორგი შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ვიხილეთ. მან მოედანზე თითქმის ნახევარი საათი (29:35 წუთი) დაჰყო და ამ დროში ორთავე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (26) დააფიქსირა. ქართველმა გოლიათმა აქტივში 16 ქულა, 6 მოხსნა (აქედან 3 მეტოქის ფარზე), 2 პასი და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი გამოიყენა, საჯარიმოს ხაზიდან კი 6-ვე სროლა ზუსტად შეასრულა. მის წინააღმდეგ მეტოქეები 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ შედეგიანობით შერმადინი მხოლოდ მარსელინიო უერტასს ჩამორჩა (24 ქულა), თუმცა ბრაზილიელმა გამთამაშებელმა ბურთი 6-ჯერ დაკარგა, რამაც მისი საერთო რეიტინგი შეამცირა.
ამ დროისთვის „ტენერიფე“ 17 მოგებითა და 12 მარცხით ცხრილში მე-6 პოზიციას ინარჩუნებს. მომდევნო გამოცდა გუნდს 9 მაისს ელის, როდესაც შინ უშუალო კონკურენტს, მეშვიდე ადგილზე მყოფ ბადალონის „ხუვენტუტს“ დაუპირისპირდება.