გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ფაქტობრივად გაინაღდა ამ ტურნირის მეოთხედფინალში თამაში. მეორე ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი თამაშობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. “ტენერიფე”4 მატჩიდან 4 მოგებით L ჯგუფში პირველ ადგილზეა და მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს იმისა, რომ დარჩენილ 2 ტურში საუკეთესო ორეულში ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხოს.
ტენერიფელთა მორიგი მსხვერპლი უნგლული “სომბატჰეი” აღმოჩნდა, რომელმაც პირველ ტაიმში გმირულად იბრძოლა. დიდი შესვენებისთვის მასპინძელი “ტენერიფე” მხოლოდ ქულას იგებდა, თუმცა მეორე ნახევარში სტუმრებს გადაუარა და საბოლოოდ 87:62 იმარჯვა. შერმადინმა 20 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა და თავი 8 ქულას, 4 მოხსნას და 3 პასს მოუყარა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფელთაგან საუკეთესო იყო კაილ ვილტიე, რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
შემდეგ მატჩს “ტენერიფე” 15 მარტს, სტუმრად, “ლიეტუვოს რიტასთან” გამართავს.