შერმადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ჰაპოელთან ქულით დამარცხდა

შერმადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ჰაპოელთან ქულით დამარცხდა

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, ამ ტურნირს დასანანი სცენარით გამოეთიშა. მალაგაში, ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი ტარგება, რომლის პირველ ეტაპზე, ნახევარფინალურ შერკინებაში ტენერიფელთა მეტოქე ისრაელის ჰაპოელი გახლდათ, თამაშის მანძილზე 15 ქულით ჩამორჩენილმა შერმადინის გუნდმა დაწინაურება მოახერხა, 4 ქულით გალიდერდა, თუმცა დრამატულ ფინალურ წუთზე მინიმალური სხვაობით – 68:69 დამარცხდა. 

საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 28:40 წუთი გაატარა და გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო: შერმადინის მონაგარი 18 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში) და 3 პასი გახლდათ. სხვათა შორის, ის მე-2 კალათბურთელი გახდა ტურნირის ისტორიაში, რომელმაც 900-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. ახლა, ჩვენებურის აქტივში 909 ქულაა, მის წინ კი მხოლოდ ვოიცეხ ჰრუბანია 996 ქულით.

შერმადინმა 11-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და 2-ჯერ დაჯარიმდა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (20 ქულა) ჩამორჩა.

ამგვარად, ლენოვო ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, უკეთეს შემთხვევაში, მე-3 ადგილის დაკავებას თუ მოახერხებს. მეორე ნახევარფინალში მარცხი განიცადა მასპინძელთა გუნდმა უნიკახამ. მალაგელთა გუნდს გერმანულმა ბონის ტელეკომ ბასკეტმა 69:67 სძლია. ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს მედლებისთვის ტენერიფე და უნიკახა იბრძოლებენ, ჩემპიონობას კი ჰაპოელი და ტელეკომი გაითამაშებენ.