გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მადრიდის “რეალი” დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა უშუალო ოპონენტი, მადრიდელთა მთავარი დამრტყმელი ძალა, ვალტერ ტავარეში შეტევაშ მაქსიმალურად შეზღუდა, რაშიც ტენერიფელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.
ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ტენერიფემ რეალს უმასპინძლა და 72:59 დაამარცხა. ბოლო პერიოდის წინ მადრიდელები 2 ქულას იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში კუნძულელებმა შესაშური დისციპლინა და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, რაც გახდა კიდეც დამაჯერებელი, 13-ქულიანი გამარჯვების მიზეზი.
შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე საკმაოდ მცირე ხნით – არასრული 16 წუთით გამოჩნდა, თუმცა ამ დროში ქართველმა ცენტრმა 11 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მას ვერც ერთხელ ვერ დააფარა ტავარეშმა, რომელიც მთლიანობაში სოლიდური შედეგიანობით გამოირჩა – 10 მოხსნა, 6 დაფარება და 6 ქულა.
ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგი ბრუნო ფიტიპალდომ დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 9 პასი მიითვალა. ემირ სულეიმანოვიჩმა ტენერიფეს 12 მოხსნა და 8 ქულა მიაშველა. 10 მოგებითა და 6 წაგებით ტენერიფე ცხრილში მე-6 ადგილზეა, რეალს კი 19 მოგება და 7 მარცხი აქვს და მეორეზე იმყოფება.