გიორგი შერმადინი იყო ერთ-ერთი, რომლის დამსახურებითაც ლენოვო ტენერიფემ ლამის გმირული მატჩი მოიგო და თასის ნახევარფინალში გავიდა. ტრადიციულად, თებერვლის თვეში ევროპის წამყვან ლიგებში თასის გათამაშება ტარდება და ასეა ესპანეთშიც, სადაც პირველი წრის 8 საუკეთესო გუნდი ერთ ქალაქში იკრიბება და სამეფო თასისთვის თამაშობს.
წლეულს თასის გათამაშების მასპინძელი მალაგა გახლავთ და სწორედ ამ ქალაქის გუნდი, უნიკახა იყო ტენერიფელთა მეტოქე მეოთხედფინალში. სწორედ უნიკახამ გამოაგდო ტენერიფე შარშანდელი თასის გათამაშებიდან და წლეულს, რაკი მასპინძელი იყო, აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. ჰოდა, აიღეს ტენერიფელებმა და მისსავე ქალაქში, მალაგელებით სავსე დარბაზში 91:83 დაამარცხეს უნიკახა.
ამ საქმეში სოლიდური წილი უდევს ქართველ ცენტრს. გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 7-დან 4 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინთან ერთად ტენერიფელთა გამარჯვება გამოჭედეს კანადელმა აარონ დორნკამპმა, რომელმაც 6-დან 6 სამქულიანი და ჯამში 25 ქულა ჩააგდო და ამერიკელმა კაილი გაიმ – 23 ქულა, 7 პასი.
თასის ნახევარფინალში ტენერიფეს მეტოქე ბარსელონა იქნება, რომელმაც მეოთხხედფინალიდან მანრესა გამოთიშა. მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ვალენსია და რეალი დაუპირისპირდებიან.