შერმადინის “უნიკახამ” 2019 წელი ვალენსიაში მარცხით გახსნა

შერმადინის “უნიკახამ” 2019 წელი ვალენსიაში მარცხით გახსნა

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” 2019 წელი ევროთასის მატჩით გახსნა. მალაგელები ევროტურნირის მატჩში სტუმრად თანამემამულე “ვალენსიას” შეხვდნენ და 74:85 დამარცხდნენ.

ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:59 წუთში 5 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მალაგელთა რიგებში საუკეთესო ფრანგი ცენტრი მატიას ლესორი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 12 ქულა, 10 მოხსნა.

ვალენსიელთა მხრიდან 18-18 ქულით ამერიკელები მეტ და უილ ტომასები გამოირჩნენ. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელს საქართველოს მოქალაქეობაც აქვს და 2011-12 წლების სეზონში თბილისურ “არმიაში” უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ “უნიკახა” ტოპ-16-ის G ჯგუფში ირიცხება, სადაც მე-2 მატჩიც შედგა და სერბულმა “ცრვენა ზვეზდამ” ფრანგულ “ლიმოჟს” 83:71 მოუგო. 8 იანვარს, მალაგელები ბელგრადელებს უმასპინძლებენ.