შერმადინისა და მარკოიშვილის გუნდების წარმატება ევროლიგაში

შერმადინისა და მარკოიშვილის გუნდების წარმატება ევროლიგაში

ევროლიგის მე–5 ტური “ქართულმა” გუნდებმა წარმატებით დაიწყეს. 8 ნოემბერს გამართულ 6 შეხვედრიდან ორში ქართველები მონაწილეობდნენ და მათმა გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს. გიორგი შერმადინის “მაკაბიმ” ბერლინში “ალბასთან” იმარჯვა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილი “კანტუმ” ჯგუფის ლიდერ “ფენერბაჰჩეს” უმასპინძლა და 24 ქულით გაანადგურა. 
შერმადინის გუნდი სულაც იმ 3 გუნდს შორისაა, რომლებსაც ევროლიგის მიმდინარე სეზონში დამარცხება ჯერ არ განუცდიათ. თელავიველებმა ჯგუფური ეტაპის მე–5 ტურში დიდი ბრძოლა გადაიტანეს ბერლინში, სადაც „ალბამ“ სტუმრები ბოლო წუთებამდე ანერვიულა.
„მაკაბი“ მცირედით, თუმცა მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა. გერმანული კლუბი მდევრის როლში იყო და მეტოქეს არ რჩებოდა. ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა: თელავიველებმა კბილებით შეინარჩუნეს ლიდერობა და საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით – ანგარიშით 78:76 გაიმარჯვეს.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 13 წუთი გაატარა. ორივე გუნდის შემადგენლობაში შერმადინი იყო ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც არც ერთი სროლა არ ააცილა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 3–დან 3 ორქულიანი და 1–დან 1 საჯარიმო მიითვალა, 7 ქულა დააგროვა და ამას 2 მოხსნაც მოაყოლა.
აღსანიშნავია, რომ მაკაბელთაგან 10–ქულიანი ზღვარი მხოლოდ ორმა კალათბურთელმა დაძლია: გაი პნინმა 11 მოინაგრა, ხოლო მატჩის ბომბარდირმა დევინ სმიტმა – 20. რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ ბოსნიელმა ნიჰად ჯედოვიჩმა 17 ქულით ულიდერა, ხოლო ამერიკელმა დეონ ტომპსონმა 14 მოაგროვა.
მაკაბელებმა ჯგუფში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს და მომდევნო ეტაპზე გასვლა თითქმის გაინაღდეს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი გადის, 2 – ვარდება. მაკაბელები მომდევნო ტურში, 15 ნოემბერს, თელ ავივში „უნიკახას“ უმასპინძლებენ, რომელმაც სტუმრად „შალონი“ დაამარცხა.
მეორე გამარჯვება მოიპოვა და A ჯგუფიდან გამსვლელთა რბოლაში ჩაერთო იტალიური „კანტუ“, რომელმაც ამ ტურში მრისხანე „ფენერბაჰჩე“ იოლად დაჩაგრა. კანტუელებმა გუნდური სულისკვეთბით ითამაშეს და ჯგუფის ლიდერს შანსი არ დაუტოვეს. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები უკვე 14 ქულით იგებდნენ, საბოლოოდ კი მეტოქე 24 ქულით – 82:58 დაამარცხეს.
მარკოიშვილმა 20,14 წუთი ითამაშა და იგი არ იყო იმ 4 კანტუელს შორის, რომლებმაც 10–ქულიანი ზღვარი დაძლიეს, თუმცა მხოლოდ ქულა ხომ არაა საქმე – მარკოიშვილმა 6 პასი გაიღო და ბურთი 7–ჯერ მოხსნა. ისიც სათქმელია, რომ ქართველმა უკანახაზელმა ბურთი 5–ჯერ დაკარგა. მანუჩარმა 7 ცდიდან 3 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა და შეხვედრა 6 ქულით დაასრულა.
კანტუელებს 5 თამაშიდან 2 მოგება აქვთ და ჯგუფში მე–5 ადგილზე არიან. დარჩენილ ტურებში მარკოიშვილის გუნდს დიდი ბრძოლა მართებს საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად. მომდევნო ტურში, 15 ნოემბერს, „კანტუ“ ლიუბლიანაში „ოლიმპიას“ დაუპირისპირდება.
დღეს ითამაშებს თავის მატჩს ვიქტორ სანიკიძის “სიენა”, რომელიც სოპოტში “პროკომს” შეხვდება.
 
A ჯგუფი
კანტუ – ფებერბაჰჩე 82:58
B ჯგუფი
ალბა – მაკაბი 76:78, შალონი – უნიკახა 78:88
C ჯგუფი
მილანი – ოლიმპიაკოსი 71:84
D ჯგუფი
ცსკა – ბარსელონა 60:81, ლიეტუვოს რიტასი – ბეშიქთაში 67:73
 
A ჯგუფი
რეალი                           3          1          333      305      28
ფებერბაჰჩე                  3          2          379      384      -5
პანათინაიკოსი           2          2          305      301      4
ხიმკი                             2          2          295      309      -14
კანტუ                            2          3          362      354      8
ოლიმპია                       1          3          291      312      -21
 
B ჯგუფი
მაკაბი                          5          0          416      347      69
მალაგა                        4           1          403      389      14
ალბა                           2           3          370      375      -5
სიენა                          1           3          332      343      -11
პროკომი                    1           3          288      317      -29
შალონი                      1           4          381      419      -38