შერმადინმა და მარკოიშვილმა ევროლიგის ჯგუფი შედეგიანად დახურეს

შერმადინმა და მარკოიშვილმა ევროლიგის ჯგუფი შედეგიანად დახურეს

მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუს“ ევროლიგის ჯგუფიდან ტოპ–16–ში გასვლა განაღდებული ჰქონდა, ამიტომ, ბოლო ტურში დამარცხებას ქართველების გუნდისთვის არაფერი შეუცვლია. იტალიურმა კლუბმა შინაურ კედლებში თურქულ „ფენერბაჰჩესთან“ 76:83 წააგო, საბოლოოდ კი ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
შესანიშნავად ითამაშა ორივე ქართველმა. შერმადინმა მოედანზე 21:42 წუთი გაატარა და ეფექტურობის კოეფიციენტით (13) გუნდში მეორე გახლდათ. ქართველმა ცენტრმა 8-დან 3 ორქულიანი და შვიდივე საჯარიმო ჩააგდო, 13 ქულას კი 5 მოხსნა წაამატა. გიორგიმ ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 ჯარიმა მიიღო, ხოლო მის წინააღმდეგ ხუთჯერ დაარღვიეს წესები.
დამაჯერებელი იყო მარკოიშვილიც, რომლის მონაგარიც 9 ქულა, 1 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 3 პასი იყო. მანუჩარმა 20:34 წუთში 7-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, ორქულიანი ააცილა, ოთხჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები სამჯერ დაარღვიეს. მანუჩარმა ეფექტურობის კოეფიციენტი 9 გახლდათ, საუკეთესო რეიტინგი (14) კი ვლადიმირ მიკოვს ჰქონდა, რომელმაც თამაში 8 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა.
ამით დასრულდა ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპი, რომელმაც 16 საუკეთესო გუნდი გამოავლინა. მეორე ჯგუფური ეტაპი სტარტს იავნვრის შუაწელიდან აიღებს.

საბოლოო ცხრილი
A ჯგუფი
ფენერბაჰჩე                  6          4          785      758      27       16
 ოლიმპიაკოსი             6          4          782      757      25       16
 კანტუ                          5          5          724      744      -20      15
 ბილბაო                       5          5          776      755      21       15
 კახა ლაბორალი         5          5          802      765      37       15
 ნანსი                           3          7          743      833      -90      13