შერმადინმა ევროლიგაში გერმანელებს 4 ქულა ჩაუგდო

გიორგი შერმადინის „პანათინაიკოსმა ევროლიგის მე-5 ტურში გერმანული “ოლდენბურგი” 96:63 გაანადგურა და 4 მოგებით D ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.
ათენში გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში მასპინძლებს შედარებით გაუჭირდათ. „პანათინაიკოსმა“ მხოლოდ 6–ქულიან უპირატესობას მიაღწია დიდი შესვენებისთვის, მაგრამ მესამე და მეოთხე ათწუთეულებში ათენელებმა მეტოქე, შესაბამისად, 30:14 და 30:7 გაანადგურეს და მორიგი იოლი გამარჯვება იზეიმეს.
ქართველი ცენტრი მოედანზე შეხვედრის დასკვნით ნაწილში გამოჩნდა და სამწუთნახევარში 4 ქულა მიითვალა. შერმადინმა ორივე საჯარიმო და ორქულიანი ჩააგდო, მეტოქეები კი მასზე ორჯერ დაჯარიმდნენ.
“პანათინაიკოსის” შემადგენლობაში საუკეთესო ამერიკელი მაიკ ბატისტე გახლდათ, რომელმაც 22 წუთში 25 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.  
მორიგ მატჩს „პანათინაიკოსი“ კვლავ ათენში ჩაატარებს. შერმადინის გუნდი ამჯერად იტალიურ „არმანი ჯინსს“ უმასპინძლებს.