შერმადინმა ხუვენტუდს 19 ქულა ჩაუგდო და ტენერიფეს მოაგებინა

შერმადინმა ხუვენტუდს 19 ქულა ჩაუგდო და ტენერიფეს მოაგებინა

გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ნაკრებში შედეგიანი თამაში შერმადინმა კლუბშიც განაგრძო და ტენერიფელთა გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ. 

შერმადინის გუნდმა “ხუვენტუდს” უმასპინძლა და 6 ქულის სხვაობით – 96:90 დაამარცხა. შერმადინი ბოლო პერიოდამდე შედარებით ინერტული იყო და მხოლოდ 7 ქულა ჰქონდა მოგროვებული, თუმცა გადამწყვეტ ათწუთეულში იმდენად კარგად ითამაშა, რომ მატჩი კი 19 ქულით, 4 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა. ამ ყველაფრის მოსაგროვებლად გიორგის 27 წუთი დასჭირდა. “ტენერიფეს” ბომბარდირი 25 ქულითა და 16 პასით მარსელინიო უერტასი გახდა. მატჩის სნაიპერი კი “ხუვენტუდის” სლოვენიელი მსროლელი კლემენ პრეპელიჩი გახდა.

14 მოგებითა და 7 მარცხით ტენერიფე 18-გუნდიან ლიგაში მე-4 ადგილზეა, შემდეგ შეხვედრას კი 8 მარტს, ვიტორიაში, შენგელიას “ბასკონიასთან” გამართავს.