შერმადინს 10 ქულის მოსაგროვებლად 10 წუთი ეყო

შერმადინს 10 ქულის მოსაგროვებლად 10 წუთი ეყო

ევროლიგის მეოთხედფინალურ სერიაში თამაშის გამო „ოლიმპიაკოსს“ შიდაჩემპიონატში თამაშები გადაედო. კარგა ხნის უთამაშებლობის შემდეგ გიორგი შერმადინის გუნდმა ორშაბათს „პანელეფსინიაკოსის“ წინააღმდეგ ითამაშა და იოლი გამარჯვება მოიპოვა – 85:60.
 
მიუხედავად იმისა, რომ შერმადინმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, ის  პირეოსელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველი ცენტრი მხოლოდ პირველ ტაიმში გამოჩნდა მოედანზე და 4-დან 4 ორქულიანი, ასევე 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაყოლა. მისი მონაგარიც ეს იყო, რადგან მეორე ტაიმში მწვრთნელმა შერმადინი მოედანზე აღარ გაიყვანა.
 

 
ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18 გახლდათ, რითაც იგი მხოლოდ პრინტეზისს (17 ქულა, 6 მოხსნა), პერპეროღლუს (15 ქულა, 3 პასი) და პაუელს (15 ქულა, 7 მოხსნა) ჩამორჩა, თუმცა, ამ სამეულმა შერმადინზე გაცილებით დიდხანს ითამაშა.
 
“ოლიმპიაკოსმა” 23 მატჩში 22-ე გამარჯვება იზეიმა და ბერძნულ პირველობას დამაჯერებლად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას პირეოსელები ევროლიგაში, „ეფესის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ, შემდეგ კი საბერძნეთის პირველობაზე „პანათინაიკოსთან“ ჯახი ელით.