შსს აკადემია თასის ფინალშია

შსს აკადემია  თასის ფინალშია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი თასის
გათააშების ფინალშია. ბერძენი სპეციალისტის, გეორგოს კეცელიდისის გაწვრთნილმა აკადემიელებმა
ნახევარფინალში თავდაცვის სამინისტორს გუნდი 73:65 დაამარცხეს.

 „შსს-აკადემიამ“ თავიდანვე
რომ მოიპოვა უპირატესობა, თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა და პრესტიჟული ტურნირის ფინალში
დამსახურებულად გავიდა.

 აკადემიელებმა პირველ მეოთხედში საკმაოდ მაღალ დონეზე
ითამაშეს, „არმიის“ კალათბურთელებს თამაშის ორგანიზება არ დაანებეს, დაცვაშიც კარგად
ირჯებოდნენ და შეტევაშიც. ეს ყველაფერი ანგარიშზე აისახა. შსს-ელებმა პირველი მეოთხედი
27:16 მოიგეს. მართალია, არმიელებმა მეორე პერიოდის ბოლოს ჩამორჩენა 3 ქულით შეამცირეს,
თუმცა დიდი შესვენების შემდეგ კეცელიდისის სამწყსო კვლავ შედეგიანად ათამაშდა და გადამწყვეტი
პერიოდის წინ 11 ქულით დაწინაურდა.

 ბოლო მეოთხედში „არმიამ“ გაიბრძოლა, მაგრამ საქმის შემოტრიალება
ვეღარ შეძლო. კოტე ტუღუშის გუნდმა რაც მოახერხა, ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება
იყო. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე „არმია“ მეტოქეს ქულით  (62:63) მიუახლოვდა, თუმცა მომდევნო სამ წუთში ქულა
ვეღარ ჩააგდო და წასაგებად გაიწირა.

 „შსს-აკადემიაში“ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი
ჩაატარა ამერიკელმა დენოთა ვონმა, რომელმაც 35 ქულა, 6 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა
მოაგროვა. ვონმა ცდიდან 9 ორქულიანი ჩააგდო. 17 ქულითა და 18 მოხსნით ფარზე კირკ არჩიბეკი
ბატონობდა. არმიელთაგან გამორჩეულად არავის უთამაშია. 13 ქულით საუკეთესო შედეგი ზვიად
ბაბიაშვილმა აჩვენა, ხოლო საყვარელიზემ და წივწივაძემ 11-11 ქულა მოაგროვეს.

 მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს „ოლიმპი“ და
„ქუთაისი“ დაუპირისპირდებიან.
არმია – შსს აკადემია  63:76