შსს-აკადემიას და სოხუმის მორიგი გამარჯვებები

შსს-აკადემიას და სოხუმის მორიგი გამარჯვებები

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიამ 20-წლამდელთა
ჩემპიონატის 2 საინტერესო მატჩს უმასპინძლა. „სომუმი“-„დინამოსა“ და „შსს-აკადემია“-„ჰიუნდაის“
მატჩები დაძაბულად წარიმართა.

სოხუმელებმა „დინამოს“ წინააღმდეგ თამაში უფრო აქტიურად
და შედეგიანად დაიწყეს, რაც შედეგზე ადეკვატურად აისახა. პირველი მეოთხედი ზღვისპირელებმა
17:13 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის 35:25 დაწინაურდნენ. სოხუმელთა შორის ლერი
კვანტალიანი და ოთო ბულიავა გამოირჩეოდნენ, რომლებიც ფარქვეშ აშკარად ჯაბნიდნენ მეტოქეებს.
ორივე მათგან საბოლოოდ ორმაგი დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმიდან დინამოელებმა თამაში გამოასწორეს და
დაწინაურებაც მოახერხეს. ბექა ღუდუშაურის გააქტიურებამ გუნდს სისწრაფე შემატა, შედეგიანად
ირჯებოდა გიორგი ორმოცაძე და ალექსანდრე ჩოჩია, რამაც „დინამოს“ ლიდერობა მოუტანა
– 46:45.

გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე ანგარიში თანაბარი
იყო. ბოლო წუთებამდე ვერაფერი გაირკვა, გადამწყვეტ ეპიზოდში კი უფრო შედეგიანად სოხუმელებმა
ითამაშეს. შოთა გოლეთიანის და ოთო ბულიავას სამქულიანებმა წელში გატეხეს დინამოელები
და „სოხუმმა“ საბოლოოდ 68:64 გაიმარჯვა.

ოთო ბულიავამ სოხუმელებს 14 ქულა და 13 მოხსნა შესძინა,
ხოლო ლერი კვანტალიანმა 23 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. დინამოელთაგანაც ორმა მოთამაშემ
შეასრულა ორმაგი დუბლი: გიორგი ორმოცაძემ (10 ქულა, 12 მოხსნა) და შოთა გელაზონიამ
(11 ქულა, 12 მოხსნა).

საინტერესო გამოდგა „ჰიუნდაისა“ და „შსს-აკადემიის“
დაპირისპირება. ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდმა პირველი მეოთხედი 20:8 მოიგო, მაგრამ აკადემიელებმა
ვითარების გამოსწორება მოახერხეს. არჩილ პულუზაშვილმა ფარქვეშ და ლევან ლოლიშვილმა
პერიმეტრიდან, ჰიუნდაელებს ბევრი პრობლემები შეუქმნეს და მესამე მეოთხედში თამაში გათანაბრდა.

ბოლო მეოთხედში „შსს-აკადემიამ“ მეტოქეს ყველა გზა მოუჭრა
და გამარჯვებამდე იოლად მივიდა. გადამწყვეტი მეოთხედი არჩილ ჟღენტის გუნდმა 27:14 მოიგო
და საბოლოოდ 68:59 იმარჯვა. მოგებულთა შორის 18 ქულითა და 11 მოხსნით ლევან ლოლიშვილი
გამოირჩა, ასევე შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა არჩილ პულუზაშვილს  – 12 ქულა და 18 მოხსნა. სასარგებლოდ გაისარჯა ლევან
გორდულაძე, რომელმაც 16 ქულასთან ერთად 6 მოხსნა 5 პასი და 5 ჩაჭრა მოაგროვა.

ჩემპიონატის მომდევნო მატჩი რუსთავში, 23 ნოემბერს,
„რუსთავსა“ და „დინამოს“ შორის გაიმართება.

სრული სტატისტიკა:  
სოხუმი – დინამო, ჰიუნდაი – შსს აკადემია