შსს–მ “ქუთაისი” ოვერტაიმში დაამარცხა

შსს–მ “ქუთაისი” ოვერტაიმში დაამარცხა

V ტურის ცენტრალურ მატჩში სეზონის პირველი ოვერტაიმი დაფიქსირდა.
შსს–სა და „ქუთაისის“ მატჩი ფრედ – 77:77 დასრულდა და მატჩი დამატებით დროში გაგრძელდა.

ეს გახლდათ მიმდინარე სეზონის ყველაზე დაძაბული შეხვედრა, რომელიც ძალიან დაძაბული გამოვიდა. მცირე გამონაკლისების
გარდა „ქუთაისი“ თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა. ძირითადი დროის
დასრულებამდე 3 წუთით ადრე იმერლები 9 ქულით იგებდნენ, თუმცა ტროი კოტონისა და სოსო
შერმადინის სიზუსტის წყალობით “ძალოვნებმა” ჩამორჩენა 1 წუთში 2 ქულამდე შეამცირეს.  ვიქტრორ
კოღუაშვილმა, ბუბა ბერიშვილმა და გიორგი ბარბაქაძემ შეტევა–საჯარიმოები შედეგიანად
დააგვირგვინეს და საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე „ქუთაისი“ 76:70
დაწინაურდა. 

მაინც არ დანებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები –
გუნდის გაძღოლა ბესიკ ლეჟავამ ითავა, რომელიც ინდივიდუალური გარღვევებით ცდილობდა
იმერელთა კალათის დალაშქვრას და მიზანსაც აღწევდა. ლეჟავას მხარი ლექსო
ლაფანაშვილმაც აუბა, რომელმაც მეტად საჭირო სამქულიანით შსს–ს ჩამორჩენა
მინიმუმამდე შეამცირა – 75:76. თამაშის დასრულებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა,
ქუთაისელებმა შეუტიეს, მაგრამ ბუბა ბერიშვილმა სამიანი ააცილა, თუმც ბურთი ვიქტორ
კოღუაშვილმა მოხსნა, მაგრამ ვერც ბარბაქაძის შორმა სროლამ მიაღწია მიზანს. შსს
გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა, თუმცა იგივე დაემართა, რაც წინა ეპიზოდში „ქუთაისს“.
ლეჟავამ და ლაფანაშვილმა სამქულიანები გააცუდეს და ძირითადი დროის დასრულებამდე 18
წამით ადრე ბურთი „ქუთაისის“ გამთამაშებელმა ბუბა ბერიშვილმა მოიპოვა. ბერიშვილმა პასი
შეტევაში გაჭრილ თემურ ბაბუნაშვილს გადააწოდა, რომელიც ბესიკ ლეჟავამ განზრახ
შეაჩერა და მსაჯისგან არასპორტული ჯარიმა დაიმსახურა. თამაშის დასრულებამდე 16
წამი იყო, „ქუთაისი“ ქულას იგებდა, 2 საჯარიმოს ესროდა და ბურთიც გვერდიდან
იმერლებს შემოჰქონდათ. ასეთი ხელსაყრელი სიტუაცია ქუთათურებმა ვერ გამოიყენეს.
ბაბუნაშვილმა 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო, გვერდიდან შემოტანილი ბურთი კი იმერლებს
ისევ პირით ხაზს მიღმა გაექცათ და 2 ქულით ჩამორჩენილ შსს–ს შესატევად 15 წამი
დარჩა. კვლავ ბესიჯ ლეჟავა დაიძრა იმერელთა ფარისკენ და სირენამდე 7 წამი
რჩებოდა, მასზე ქუთათურები რომ დაჯარიმდნენ. ლეჟავამ ორივე საჯარიმო ჩააგდო და …
77:77. დარჩენილ დროში სტუმრებმა შეტევის ორგანიზება კი მოახერხეს, მაგრამ გიორგი
ბარბაქაძის სროლა იყო თუ არა, საფინალო სირენა და ჯარიმის მაუწყებელი სასტვენი
თითქმის ერთდროულად გაისმა. როგორც მსაჯებმა გაარკვიეს, ჯარიმამდე დრო ამოწურული
იყო და თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა. 

ფსიქოლოგიურად გატეხილი ქუთაისელები დამატებით დროში 7 ქულით
ჩამორჩნენ, რაც ფაქტობრივად უიმედო სიტუაცია იყო მათთვის, თუმცა მალხაზ კოხრეიძის
გუნდმა მაინც მოახერხა თამაშის შემობრუნება და ბოლო წუთზე ჩამორჩენა 2 ქულამდე
შეამცირა. ბურთიც იმერლებს ჰქონდათ და რომ ჩაეგდოთ, შეიძლებოდა, მეორე ოვერტაიმიც
გვეხილა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში იმერლებმა ბურთი დაკარგეს და შსს–მ
გაიმარჯვა.

მატჩის სტატისტიკა:  http://superleague.ge/results.php?gameid=296