შსს ფინალურ სერიაში დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

შსს ფინალურ სერიაში დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ფინალური სერია „შსს-აკადემიის“ დამაჯერებელი გამარჯვებით
გაიხსნა, რითაც გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონობაზე სერიოზული განაცხადი
გააკეთა.

 აკადემიელებმა ფინალური სერიის პირველ მატჩში „მართვე 2“ 20 ქულის სხვაობით
– ანგარიშით 86:66 დაამარცხეს და ჩემპიონობამდე 1 მოგებაღა აკლიათ.

 ნიკოლაძის გუნდმა პირველივე წუთებიდან მოიპოვა სათამაშო
უპირატესობა, რაც ანგარიშშიც მალევე აისახა. 14:0 – ასე დაიწყო მატჩი „შსს-აკადემიამ“
და ამის შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ მიუშვია. უფრო სწორად, მართველები ყველაზე ახლოს,
7 ქულით მიუახლოვდნენ აკადემიელებს, თუმცა გიორგი ნიკოლაძემ მაშინვე წუთშესვენება აიღო,
რის შემდეგაც აკადემიელებმა ჩვეული შემართებითა და შედეგიანობით განაგრძეს თამაში.

 ბოლო მეოთხედში შსს-ელთა ლიდერობამ 25 ქულას გადააჭარბა
და ცხადი გახდა, რომ მატჩის ბედი გარკვეული იყო. ნიკოლაძის გუნდმა საბოლოოდ იოლად იმარჯვა
და სერიაში 1:0 დაწინაურდა. გამარჯვებულთაგან 21-21 ქულა დააგროვეს ლევან გოგალაძემ
და თენგო სხირტლაძემ, 13 ქულა ჰქონდა ლევან ფაღავას, ხოლო ვილი ისიანმა შეხვედრა ორმაგი
დუბლით – 12 ქულითა და 13 მოხსნით დაასრულა. „მართვე 2“-ში 17 ქულა ჰქონდა ნოდარ სანაიას,
14-14 – დემეტრე წიკლაურსა და მამუკა ნიკოლაიშვილს, ხოლო დავით ლომიძემ შეხვედრა ორმაგი
დუბლით – 12 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა.

 ფინალური სერიის მე-2 შეხვედრა 20 მაისს, თბილისის სპორტის
სასახლეში, 14 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები

ხათუნა გაბედავა (მართვე 2):
შეხვედრა თავიდანვე ცუდად დავიწყეთ, სამწუხაროდ ვერც   დაცვა ავაწყეთ და ვერ შეტევა. შსს აკადემია შემადგენლობით
საკმაოდ ძლიერი გუნდია და სათადარიგო სკამიც გრძელი აქვს.  შეიძლებოდა დღეს უფრო კარგი თამაში გვეჩვენებინა,
მაგრამ გადაღლილობის გამო არ გამოვიდა. ამასთანავე აღსანიშნავია ორი წამყვანი მოთამაშის
ტრავმა.  დემეტრე წიკლაურს ფეხი საკმაოდ რთულ
მდგომარეობაში აქვს, დავით ლომიძესაც კოჭი აქვთ ნატკენი. ჯერჯერობით ვერ გეტყვით მომდევნო
მატჩში ვითამაშებთ თუ არა სრული შემადგენლობით, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ უკეთესად
ასპარეზობისთვის.

გიორგი ნიკოლაძე(შსს აკადემია):
პირველ რიგში დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, რომლებმაც  მითითებული დავალებები ზუსტად შეასრულეს, განსაკუთრებით
კი დაცვაში და ამან შედეგი გამოიღო. იყო გარკვეული
ხარვეზები მაგრამ მთლიანობაში გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება  მომდევნო მატჩს, წინ გაცილებით რთული შეხვედრა გველის.
სერია ორ მოგებამდე გრძელდება და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის. ვარჯიშებზე
დღევანდელ ხარვეზებს გამოვასწორებთ და მაქსიმალურად მოვემზადებით მეორე თამაშისთვის.

თენგო სხირტლაძე(შსს აკადემია):
დაცვაში ვითამაშეთ კარგად და პირველი შეტევებიც გამოგვდიოდა,  ლომიძე დავიჭირეთ, ცოტა სამიანი ჩააგდო და ამის ხარჯზე
მოვიგეთ. თუმცა გვქონდა შეცდომები, რომლებიც მომავალი თამაშისთვის უნდა გამოვასწოროთ.

მამუკა ნიკოლაიშვილი(მართვე-2):
კარგი თამაში გამოვიდა, თუმცა მოკლე სკამის გამო გაგვიჭირდა. მივულოცავ მეტოქეს დამსახურებულ
გამარჯვებას. მეორე თამაშისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ,
რომ მოვიგოთ. 
 შსს აკადემია – მართვე 2 86:66