შსს-ს აკადემიური გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს მიმდინარე ჩემპიონატის 2 დაუმარცხებელი გუნდი შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია „რუსთავს“ დაუპირისპირდა

 და კვლავ წაუგებელი დარჩა, ქვემოქართლურმა გუნდმა „ძალოვნებს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
მატჩი გიორგოს კეცელიდისის გუნდის 9-ქულიანი გაქცევით დაიწყო. 2 წუთის შემდეგ „შსს-აკადემია“ 9:0 იგებდა. რუსთაველთა მწვრთნელმა, მიხეილ ბერუაშვილმა ვითარების გამოსწორება წუთშესვენებით სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამერიკელი კირკ არჩიბეკის წინამძღოლობით აკადემიელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს.
რუსთაველებს ვერ უშველა ვერც „ძალოვანთა“ დაცვის ბურჯის – ამერიკელი ჩად პრევიტის გაგდებამ. „შსს-აკადემიის“ ფორვარდმა პირველ მეოთხედში 2 არასპორტული ჯარიმა მიიღო და მოედანი დატოვა. წესების თანახმად, განმეორებითი არასპორტული ჯარიმის შემდეგ კალათბურთელი ავტომატურად დისკვალიფიკაციას იღებს.
პრევიტის გაგდება „შსს-აკადემიას“ არ დასტყობია. პირიქით, კეცელიდისის გუნდმა სისწრაფესთან ერთად სიზუსტესაც უმატა და მეორე მეოთხედის ახალდაწყებულზე აკადემიელები 31:11 დაწინაურდნენ. დიდი შესვენებისთვის კი ანგარიშში სხვაობა 19 ქულა იყო – 42:23. რუსთაველები ძალიან უხეიროდ ესროდნენ და ვერც „ძალოვანთა“ შეტევებისგან თავის დაცვას ახერხებდნენ.
მესამე მეოთხედში არაფერი შეცვლილა: აკადემიელები აგრძელებდნენ წარმატებულ გარჯას, რუსთაველები კი ვერაფერს ცვლიდნენ და მატჩის ბედიც გაირკვა – აკაკი ლომოურმა სირენის თანხლებით შორეული სამქულიანი ჩააგდო და ბოლო მეოთხედის წინ კეცელიდისის გუნდი 63:30 დაწინაურდა. მეოთხე ათწუთეულში ბერუაშვილმა სათადარიგოებს მისცა თამაშის შანსი. საბოლოოდ მატჩი შსს-ს გამარჯვებითა და ლამაზი ანგარიშით 88:44 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო შედეგი კირკ არჩიბეკს ჰქონდა – 24 ქულა და 13 მოხსნა. ორმაგი დუბლი კიდევ ერთმა აკადემიელმა, დეონტა ვონმა შეასრულა – 11 ქულა და 11 მოხსნა. ამერიკელ ლეგიონერს 3 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. რუსთაველთაგან ყველაზე მეტი – 10 ქულა – რევაზ ჩაჩანიძეს ჰქონდა.
მე-4 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს „ოლიმპი“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდებიან.

  მატჩის შემდგომ
პრესკონფერენციაზე შემდეგი კომენტარები გაკეთდა:

გეორგის კეცელიდისი
(შსს აკადემია): მიუხედავად იმისა, რომ თამაში დიდი სხვაობით მოვიგეთ, ეს ნამდვილად
არ იყო რუსთავის რეალური ძალა, რადგან ამ გუნდს ვიცნობ, გვაქვს ამხანაგური შეხვედრები
ჩატარებული. რაც შეეხება კონკრეტულად თამაშს, ზოგადად ჩანს ის მოთამაშეები, რომლებიც
გამოირჩევიან ბევრი ქულით, თუმცა თამაშის მოგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის
დაცვაში მოთამაშეებს, რადგან კარგი დაცვის თამაში არის წინაპირობა გამარჯვების. ჩვენი
გუნდის დაცვის თამაში დღეს მაღალი დონის იყო, გამოვარჩევდი მერაბ ბოქოლიშვილს.

 მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი): მივულოცავ შსს
აკადემიას გამარჯვებას, რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ფაქტობრივად დაცვაში საერთოდ ვერ ვიასპარეზეთ,
რამაც გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე.

მერაბ ბოქოლიშვილი ( შსს აკადემია): მივესალმები
რუსთავის გუნდის გაძლიერებული შემადგენლობით დაბრუნებას, რაც შეეხება თამაშს კმაყოფილი
ვართ დღევანდელი მოგებით და იმედია შსს აკადემია წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

 გოგა ცეკვავა (რუსთავი):მივულოცავ მოგებულ
გუნდს. რაც შეგვეხება ჩვენ, ნამდვილად არ ვართ დღევანდელი თამაშით კმაყოფილები. იმედია
ეს შეცდომები გამოსწორდება და უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.