სკაუტინგის პროგრამა Synergy-ს პრეზენტაცია მწვრთნელებისთვის მილოშ გლიგორიევიჩმა ჩაატარა

სკაუტინგის პროგრამა Synergy-ს პრეზენტაცია მწვრთნელებისთვის მილოშ გლიგორიევიჩმა ჩაატარა

მსოფლიოში ცნობილმა და ერთ-ერთმა წამყვანმა სპორტული სკაუტინგის პროგრამა Synergy-მ საქართველოში ოპერირება დაიწყო. სპორტის და განსაკუთრებულად კალათბურთის მწვრთნელები კარგად იცნობენ ამ ფირმის პროდუქტს, რომელიც მათი საქმიანობისთვის უაღრესად საჭიროა. Synergy გახლავთ კომპანია, რომელსაც საკუთარი პლატფორმა აქვს და კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩატარებული მატჩების სრულ ვიდეო და სტატისტიკურ ანალიზს. თამაშის დასრულებიდან მალევე, აღნიშნული კომპანიის პლატფორმაზე თავსდება მატჩის თითოეული მომენტისაგან შემდგარი სრული ვიდეოჩანაწერი. სპეციალური პროგრამის გამოყენებით, მის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ძებნის სისტემით გამოარჩიოს კონკრეტული მოთამაშის მიერ მოედანზე განხორციელებული ნებისმიერი  ქმედება – სროლა, დაკარგვა, პასი, ჩაჭრა, დაფარება და ასე შემდეგ – ეს კი, მოგეხსენებათ, ნებისმიერი მწვრთნელისთვის ძვირფასი ინფორმაციაა როგორც საკუთარი, ისე მეტოქე გუნდის კალათბურთელების შესაფასებლად.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ კომპანია Synergy-სთან კონტრაქტი წინა თვეში გააფორმა და სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდებისთვის, ასევე ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის, ფედერაციის მსაჯთა და მედია-განყოფილებებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ამ კომპანიის სერვისი. Synergy-ს ყველა რესურსით სარგებლობისთვის დღეს ოლიმპიურ სასახლეში შემეცნებითი სემინარი ჩატარდა. Synergy-ს პლატფორმის მოქნილად და სიღრმისეულად გამოყენების შესახებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტმა, 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ამ პროგრამით წლების მანძილზე მოსარგებლემ და მისმა უბადლოდ მცოდნე მილოშ გლიგორიევიჩმა ისაუბრა და დამსწრეებს ვიდეო-სემინარიც ჩაუტარა. სემინარს სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდების ის მწვრთნელები ესწრებოდნენ, რომლებიც თავიანთ გუნდში მეტოქეთა სკაუტინგს აწარმოებენ. მათ შესაძლებლობა აქვთ, როგორც საქართველოში ჩატარებული, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ჩემპიონატები მატჩების სრული ვიდეო-ანალიზით ისარგებლონ.

კომპანია Synergy-სთან ერთად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თანამშრომლობს კომპანია Genius Sports-თან, რომელიც მე-3 წელია, საქართველოს სუპერლიგაში სტატისტიკის წარმოებასა და ფედერაციის ვებ-გვერდის ადმინისტრირებაში ჩვენს ექსკლუზიურ პარტნიორს წარმოადგენს, ხოლო მიმდინარე სეზონიდან სუპერლიგისა და ყველა დანარჩენი საკალათბურთო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციასაც განახორციელებს. 

Synergy-სა და Genius Sports-ის ზემოთაღნიშნული სერვისების ოფიციალური პრეზენტაცია ახლო მომავალში გაიმართება.