სკოლების ჩემპიონატი 1-ელმა ექსპერიმენტალურმა მოიგო

სკოლების ჩემპიონატი 1-ელმა ექსპერიმენტალურმა მოიგო

სუპერლიგისა და 16-წლამდელთა პირველობის ფინალებამდე სპორტის სასახლემ დღეს თბილისის სკოლების საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლა. ერთამნეთის პირისპირ წარსდგნენ 52-ე და 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლების გუნდები.
 

 
ტურნირი გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სპონსორობით ჩატარდა და მასში მონაწილეობა თბილისის 8 სკოლის გუნდმა მიიღო. ჩემპიონატის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიღეს 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის დირექტორმა ზურა გრიგალაშვილმა, 24-ე სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ და სხვადახვა საგანმანათლებლო უწყების წარმომადგენელმა.
 
ფინალურ მატჩში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატებისა და ნაკრებების არაერთი წარმომადგენელი თამაშობდა. ფინალი საინტერესოდ დაიწყო, თუმცა 1-ელი ექსპერიმენტალურის უპირატესობა მელევე გამოიკვეთა და მატჩიც ამ სკოლის გამარჯვებით – 90:71 დასრულდა. გამარჯვებულთაგან 21 ქულით ბომბარდირი სანდრო სანაძე გახდა, ხოლო არჩილ პულუზაშვილმა 15 ქულა დააგროვა. 52-ე სკოლის გუნდში 23 ქულით  საუკეთესო  მაიზერ რევაზაშვილი იყო, ხოლო ნიკა ამირხანაშვილმა 14 მოაგროვა.
 
მეოთხედების შუაში, შესვენებებზე, სპორტის სასახლეში მოსულმა ბლომად მაყურებელმა 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის მოსწავლეების – ია ორჯონიკიძისა და ანი გოზალიშვილის სიმღერა მოისმინა. საცეკვაო ნომერი შეასრულა სტუდია „ბასტი-ბუბუს“ მოცეკვავე გოგონათა ჯგუფმა.
 
გამარჯვებულები მედლებითა და თასით გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა დააჯილდოვა. ტურნირის საუკეთესო მცველს – კახა ტომარაძეს, მაღაზიათა ქსელ „DC”-სგან 200 ლარის სასაჩუქრე ბარათი გადაეცა, ხოლო  საუკეთესო მოთამაშე ლუკა ზაქრაძე 52-ე სკოლის დირექტორმა პაატა ბერიკაშვილმა საკუთარი წიგნებით დააჯილდოვა.