სლოვენიელებმა ბენო უდრიჰი ნაკრებში თამაშზე დაიყოლიეს

სლოვენიელებმა ბენო უდრიჰი ნაკრებში თამაშზე დაიყოლიეს

შვიდწლიანი განშორების შემდეგ სლოვენიის ეროვნულ ნაკრებს ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი ბენო უდრიჰი უბრუნდება. ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქე სლოვენიამ უდრიჰისგან უკვე მიიღო სიტყვიერი თანხმობა, რომ ეს უკანასკნელი ევრობასკეტზე საკუთარი ქვეყნის ღირსება დაიცავს.
 
სპეციალურად ამ საქმის მოსაგვარენლად ამერიკაში სპეციალურად იყო ჩასული სლოვენიის ეროვნული ნაკრებების მენეჯერი მაცეი ავანზო, რომელიც უდრიჰს მილუოკიში შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ სლოვენიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბოჟიდარ მალკოვიჩმა განაცხადა: „ მოხარული ვარ, რომ ჩვენს მენეჯერთან შეხვედრისას ბენომ ის სიტყვები დაადასტურა, რაც ჩვენ 2 კვირის წინ სატელეფონო საუბრისას გვითხრა. ვფიქრობ, ის იქნება ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, რომელზეც თამაში აეწყობა. უდრიჰის დიდი გამოცდილება აქვს და ახალგაზრდებს გაუზიარებს“.
 

 
ნბა-ში თამაშის 9-წლიანი სტაჟის მქონე ბენო უდრიჰი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 20 წუთს თამაშობს. ის „მილუოკიში“ ბრენდონ ჯენინგსის შემცვლელია და მატჩში საშუალოდ 7,6 ქულასა და 4,1 პასს აგროვებს. სლოვენიის ნაკრების მენეჯერის განცხადებით, ეროვნული გუნდის გაფართოვებული შემადგენლობა თებერვლის შუა პერიოდში გამოქვეყნდება.
 
შეგახსენებთ, რომ სლოვენიასთან ერთად საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრობასკეტის ჯგუფში ესპანეთი, ხორვატია, პოლონეთი და ჩეხეთი იქნებიან.