სლოვენიელებმა ბოისას სანაძლეო შესთავაზეს

სლოვენიელებმა ბოისას სანაძლეო შესთავაზეს

ეროვნული ნაკრების ყველაზე ხნიერი წევრი ვლადიმერ ბოისაა. 30 წლის ბოისას საქართველოს ნაკრების არც ერთი შეკრება არ გაუცდენია და თამაშებში შესაძლებლობების მაქსიმუმს იღებდა, თუმცა ტრავმის გამო გასული შესარჩევი ტურნირი გამოტოვა. ვოვას მუხლი სერიოზულად ჰქონდა დაშავებული და 7 თვე იძულებითი დასვენება მოუხდა. დაახლოებით 1 თვეა, ბოისა მოედანს დაუბრუნდა, თუმცა სტაბილურობა აკლია. იგი ხან კარგად თამაშობს, ხანაც შედარებით ინერტულია. „ოლიმპიამ“ სლოვენიის მორიგ ტურში, გასულ შაბათს, „ჰელიოსი“ დაამარცხა, ვოვა კი ლიუბლიანელთა გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდა. საინტერესოა, თავად რას ფიქრობს საკუთარ თამაშზე – ბოისას სლოვენიაში შევეხმიანეთ და რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების შესახებაც ვესაუბრეთ.
 
– ბოლო ხანებში რამდენიმე მატჩში საკმაოდ შედეგიანი იყავი…
– კარგი თამაშები მქონდა, მაგრამ სტაბილურობა მაკლია. ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩიც კარგად ჩავატარე, თუმცა შემდეგ, სლოვენიის ჩემპიონატის შეხვედრაში, ინერტული ვიყავი. ეს იმის ბრალია, რომ ფეხი ბოლომდე ვერ ჩადგა მწყობრში.
– ამას წინათ განაცხადე, რომ ყველაფერი კარგად გქონდა. რამე გართულება ხომ არ მოჰყოლია მორჩენილი ფეხის დატვირთვას?
– საშიში არაფერია. უბრალოდ, ახლა, როცა სათამაშო დრო გამეზარდა, ცოტა გამიჭირდა. ფეხს ბოლომდე ვერ ვტვირთავ, რადგან მოედანზე 20 წუთით ყოფნის შემდეგ კუნთები მიმძიმდება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ფეხი მისივდება, თითქმოს ყრუ ტკივილიც მაწუხებს. ეს ხელს მიშლის და ამიტომ ყველა მატჩს მაღალ დონეზე ვერ ვატარებ. სტაბილურობის შენარჩუნებაც ამიტომ მიჭირს.
– ანუ ფეხს ისევ მკურნალობ?
– არა, წესით და რიგით ყველაფერი რიგზეა. ეს იმის ბრალია, რომ ხანგრძლივი ტრავმის და შესაბამისად, უქმად ყოფნის დროს ფეხი გადაეჩვია დატვირთვებს. ახლა კი, როცა ხანგრძლივი თამაში მიწევს, დისკომფორტს მიქმნის. სხვა მხრივ, კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ. ფეხიც შეეჩვევა დატვირთვებს და საბოლოოდ მწყობრშიც ჩავდგები. თუმცა ამ სეზონის დასრულების შემდეგ პროფილაქტიკურ ვარჯიშებს, თერაპილი კურსის გავლას ვგეგმავ. დავისვენებ, პირად მწვრთნელს ავიყვან და მისი მეთვალყურეობის ქვეშ ალბათ 1 თვის მანძილსზე ვივარჯიშებ. 30 წლის ვარ, კიდევ 4–5 წელი მაინც მინდა თამაში და ეს რომ შევძლო, საკუთარ ფორმაზე უნდა ვიზრუნო.
– თუკი ფეხი სრულ მწყობრში არ გაქვს, მწვრთნელმა სათამაშო დრო რატომ გაგიზარდა?
– კლინიკურად ფეხი სრულიად ჯანმრთელია, უბრალოდ, მე ხანდახან ვერ ვუძლებ დატვირთვას. მწვრთნელი იმიტომ მათამაშებს, რომ ექიმმა თქვა, შესაძლებელია, რომ მოედანზე 20–25 წუთი გაატაროსო. ისიც იმიტომ მაყენებს ხუთეულში, რომ მენდობა.
– როგორ ფიქრობ, სეზონის დარჩენილ მატჩებს ხუთეულში ჩაამთავრებ?
– ხუთეულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა სასტარტოში სისტემატიურად ვდგავარ. 20–25 წუთს მოედანზე ვიქნები და იმედი მაქვს, „ოლიმპიას“ წარმატების მიღწევაშიც დავეხმარები.
– მნიშვნელოვან წარმატებასთან მართლაც ახლოს ხართ. ადრიატიკის ლიგის ოთხთა ფინალში გახვედით, რომელსაც ლიუბლიანა, „ოლიმპიას“ დარბაზი მასპინძლობს…
– ყველანაირად ვცდილობთ, რომ ადრიატიკის ლიგა მოვიგოთ. კარგია, რომ ოთხთა ფინალს ვმასპინძლობთ. ეს დიდი უპირატესობაა, თუმცა მეტოქეებიც სერიოზულია.
– ნახევარფინალში სლოვენიურ „კრკას“ ხვდებით. ალბათ გერჩივნათ, სხვა გუნდს შეხვედროდით…
– „კრკასა“ და „პარტიზანთან“ შედარებით „ბუდუჩნოსტი“ სუსტია, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილად არ ჰქონდა მნიშვნელობა, ნახევარფინალში ვის შევხვდებოდით. რა აზრი აქვს, ძლიერ გუნდს ნახევარფინალში შეხვდები თუ ფინალში. პირიქით, ფინალის წაგება უფრო მწარეა, თუმცა ჩვენ გამარჯვებაზე ვფიქრობთ.
– ევროლიგაში მეორე ჯგუფური ეტაპიდან ვეღარ გახვედით, თუმცა საბოლოოდ უკმაყოფილოები არ უნდა იყოთ…
– პირველი ჯგუფური ეტაპიდან გასვლაც არ იყო ცუდი, თუმცა უკეთესი იქნებოდა, პლეი ოფში გვეთამაშა.
– ევროლიგის მატჩებში შენ გუნდს ვერ ეხმარებოდი…
– სამაგიეროდ, გიორგი შერმადინი იყო მოწოდების სიმაღლეზე და ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. საერთოდ, შერმადინმა ამ სეზონში დიდი პროგრესი განიცადა, რაც უპირველესად იმის დამსახურება იყო, რომ „ოლიმპიაში“ გადმოვიდა. „პანათინაიკოსში“ მას არ ჰქონდა საკუთარ თავზე მუშაობის შესაძლებლობა. ის სხვა დონის გუნდია და შერმადინისთვის არ ეცალათ. ლიუბლიანაში კი გიორგის დიდ ყურადღებას აქცევენ. სათამაშო დროსაც აძლევენ და ინდივიდუალურადაც ბევრს ავარჯიშებენ. მას ახალგაზრდულ გუნდთანაც უწევს ვარჯიში. ყველაფერმა ამან შედეგი გამოიღო და გიორგიმ საგრძნობლად მოუმატა. ევროლიგის სიმბოლური ხუთეულის გამოკითხვაში მისი მოხვედრაც ლოგიკურია. ეს ყველაფერი კი ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგია. ჩვენს გუნდს სრულფასოვანი ცენტრი შეემატა.
– 2 დღის წინ გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მომზადების გეგმა. რას იტყვი განრიგზე. როდის აპირებ ჩამოსვლას?
– პირველ რიგში იმას აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგადაა შერჩეული შეკრების დაწყების დრო – 24 ივლისი. არც გვიანაა და არც ადრე. მართალია, ზოგი ნაკრები 10–15 ივლისს იკრიბება, თუმცა, ვფიქრობ, 24 ივლისი არაა გვიან. პირიქით, ვეღარავინ იტყვის, რომ დასვენება ვერ მოასწრო. სეზონის დასრულების შემდეგ საკმაო დრო იქნება, რომ მოთამაშეებმა დაისვენონ და ნაკრებში დროულად ჩამოვიდნენ. რაც შემეხება მე, ნაკრებში ყოველთვის ჩამოვდიოდი და ახლა განსაკუთრებულად მინდა ეროვნულში თამაში. იმაზეც ვდარდობ, გასულ წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში რომ ვერ დავეხმარე ნაკრებს. თუკი მწყობრში ვიქნები, ეროვნულ ნაკრებში ვითამაშებ. იმედი მაქვს, ჯანმრთელობა ხელს არ შემიშლის.
– რას იტყვი ჩვენს სპარინგ–პარტნიორებზე?
– სანამ მეტოქეებზე ვიტყოდე რამეს, ხაზს გავუსმევ იმას, რომ 12 ამხანაგური შეხვედრის გამართვა შესანიშნავია. ნაკრები კარგ გამოცდილებას მიიღებს, მწვრთნელსაც შემადგენლობის ყველანაირად გამოცდის შესაძლებლობა მიეცემა. მეტოქეებსაც არაფერი აქვთ დასაწუნი. ვიტყვი იმას, რომ ლატვია, ლიტვა, ისრაელი, ჰოლანდია და ესტონეთი საკმაოდ მაღალი დონის გუნდები არიან. მათთან სპარინგი ძალიან სასარგებლო იქნება. პირადად მე ვიყავი იმ მოლაპარაკების მონაწილე, რომლის თანახმადაც საქართველოს ნაკრებს სლოვენიაში დაგეგმილ უმაღლესი დონის ტურნირებში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ კენჭისყრის შემდეგ ეს არ გამოვიდა.
– უფრო კონკრეტულად რას გვეტყვით სლოვენიური ტურნირის თაობაზე?
– სლოვენიურ კალათბურთში ყველას ვიცნობ. საქართველოს აქ ძალიან კარგად იცნობენ და სხვათა შორის, დიდ პატივსაც გვცემენ. სლოვენიელებს ჩვენი ნაკრების ამხანაგურ ტურნირზე მიწვევა სურდათ და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლების კოორდინატებიც გამომართვეს. საქართველო და სლოვენია რომ ერთ ჯგუფში არ მოხვედრილიყვნენ, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირში მონაწილეობას მიიღებდა.
 

ვიქტორ სანიკიძე და ვლადიმერ ბოისა სანაკრებო წარმატებას ზეიმობენ
 
– კენჭისყრის შემდეგ რას ამბობენ სლოვენიელები?
– სხვათა შორის, გაუხარდათ ჩვენთან მოხვედრა. არა იმიტომ, რომ სუსტებად გვთვლიან, არამედ ჩვენი ძველი ნაცნობობის გამო. ქართველი კალათბურთელებიდან ყველაზე მეტს სწორედ სლოვენიური სკოლა აქვს გავლილი – სტეფანია, მე, ცქიტიშვილი, უგრეხელიძე, კეიდია, ტუღუში, მარკოიშვილი, შერმადინი. ვინმე თუ გამომრჩა, ბოდიშს მოვუხდი. სლოვენიელებს რაღაცნაირად დადებითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ ქართველების მიმართ და ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე ნახვაც ესიამოვნებათ. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ისინი თავს ფავორიტებად თვლიან. ნაკრების წევრები მეუბნებიან, თქვენ მესამე ადგილისთვის იბრძოლებთ, 1–2 ადგილები ხომ იცით, ჩვენი და რუსეთის იქნებაო. სანაძლეოც კი შემომთავაზეს, თუკი მოგვიგებთ, მთელი ცხოვრების მანძილზე, ყოველ დღე, კაფეში ან რესტორანში დაგპატიჟებთო. ოღონდ მოვუგოთ და არ მინდა ამათი დაპატიჟება.
– სლოვენიელები მხოლოდ ჩვენი ჯგუფის ფავორიტები არიან თუ მთლიანად ჩემპიონატისაც?
– სლოვენია არასდროს იბრძვის საუკეთესო 8, ან 4 გუნდში მოსახვედრად. სლოვენიას თითქმის სულ საჩემპიონო ამბიცია აქვს. წლეულსაც მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ, თუმცა რამდენად გამოუვათ, ძნელი სათქმელია.
– მათ შემადგენლობაზე რას იტყვი?
– გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, კონკურენცია დიდია. ეს კონფლიქტს წარმოშობს. ზოგი იმითაა უკმაყოფილო, რომ ხუთეულში არ ათამაშებენ, ზოგიც იმას ჩივის, მოედანზე საკმარისი დროით არ გავყავართო. სწორედ კონფლიქტის გამო გამოირიცხა ნბა–ში მოთამაშე ნიკოლა ვუიანიჩის კანდიდატურა. ახლა ბენო უდრიჰთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, რომ ის მაინც ჩამოვიდეს, მაგრამ უდრიჰსაც აქვს გარკვეული პრეტენზიები და არა მგონია, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. ალბათ ახალგაზრდა გორან დრაგიჩს მოუწევს ბურთის გათამაშება, რომელიც, მართალია ნბა–ში თამაშობს, მაგრამ გამოცდილება აკლია.  რაც არ უნდა მოხდეს, სლოვენია ძალიან ძლიერია.
– რუსეთი?
– ბოლო წლებში რუსებსაც უჭირთ, მაგრამ ამ ქვეყნის ნაკრებს დიდი მოთამაშეები ჰყავს და თუკი ოპტიმალურ შემადგენლობას შეკრებენ, ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცევიან.
– საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის როგორი შანსები აქვს?
– შანსი ნამდვილად არსებობს, მაგრამ მას გამოყენება უნდა. ისევე როგორც ჩვენ ვუმიზნებთ ჯგუფიდან გასვლას, ამასვე ფიქრობენ ბელგიელები, უკრაინელები და ბულგარელები. ურთულესი ბრძოლები გველის. უნდა მოვემზადოთ, ვარჯიშებზე მაქსიმუმი გავაკეთოთ, მწვრთნელს უნდა დავუჯეროთ და თუკი ჯანმრთელობაც ხელს შეგვიწყობს, ჯგუფიდან გასვლაზე რეალურად ფიქრიც შეიძლება.