სლოვენიის ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება არასრული შემადგენლობით დაიწყო

სლოვენიის ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება არასრული შემადგენლობით დაიწყო

19 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 47 დღით ადრე, ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნის ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება დაიწყო. რიგი მიზეზების გამო სლოვენიის ნაკრებმა რამდენიმე მსოფლიო დონის მოთამაშე მოისაკლისა, რომელთაგან საკმარისია ბენო უდრიჰისა და ერაზმ ლორბეკის დასახელება. მიუხედავად ამისა, გუნდში საკმაოდ ძლიერმა მოთამაშეებმა მოიყარეს თავი, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება საკუთარ სამშობლოში – დაბა როგასკა სლატინაში დაიწყეს.
სლოვენიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა შეკრებაზე 16 კალათბურთელი იხმო, თუმცა პირველ დღეს ვარჯიშზე 13 მათგანი გამოცხადდა. მირზა ბეგიჩი, ბოსტიან ნახბარი და ნებოისა იოკსიმოვიჩი მწვრთნელთან შეთანხმებით ნაკრებს დაგვიანებით – 4 დღის შემდეგ შეუერთდებიან.

სლოვენიის ნაკრები როგასკა სლატინაში, შეკრების პირველ დღეს
სლოვენიელთა ვარსკვლავი, ”ფინიქს სანსის” გამთამაშებელი გორან დრაგიჩი შეკრების დაწყებით კმაყოფილია და აცხადებს: ”ყოველ წელს, როცა ნაკრებში ვიკრიბებით შესანიშნავი განცდა მეუფლება. მთელი სეზონი ამერიკაში ვარ და იქ ეროვნული ნაკრების თანაგუნდელთა ნახვის შესაძლებლობა არ მაქვს. ნაკრებში ბევრად განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე კლუბში, სადაც ყველა მოთამაშე ჩაკეტილია თავის ოთახში. ეროვნულ გუნდში კი ყველაფერი გახსნილია. ერთად ვჭამთ, ერთად ვვარჯიშობთ, სულ ერთად ვართ”.
როგასკა სლატინის შემდეგ სლოვენიის ნაკრები მზადებას დედაქალაქ ლიუბლიანაში განაგრძობს და გამართავს მოსამზადებელ მატჩებს ზრიცში, გრასნა გორასა და ცელიეში. მთლიანობაში სლოვენიელები 12 საკონტროლო მატჩს გამართავენ, რომელთაგან 10-ს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაატარებენ. პირველი ტესტ-მატჩი 26 ივლისს, უკრაინის წინააღმდეგ არის დანიშნული.
ბოჟიდარ მალკოვიჩი იმ თავისებურებაზე ლაპარაკობს, რაც ბოლო დროს სლოვენიაში და ზოგადად, კალათბურთში დამკვიდრდა: ”ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც მოიცავდა შეკრებებს მთაში, ისტორიას ჩაბარდა. სლოვენიაში მრავლადაა ლამაზი და სასარგებლო კურორტები, სადაც ჰაერი სუფთა ჟანგბადითაა გაჟღნთილი, თუმცა იმის დრო, რომ სავარჯიშოდ ღია ცის ქვეშ გავიდეთ, არ არის. შეკრების პერიოდს ჩვენ გამოვიყენებთ დაცვითი და შეტევითი კომბინაციების დასამუშავებლად. ვიმუშავებთ ტაქტიკაზე. ჩვენს ნაკრებს არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი აკლია, რაც მაფიქრებინებს, რომ ესაა შანსი სლოვენიის ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის. ევრობასკეტზე სლოვენია განსაკუთრებული ჟინით და შემართებით ითამაშებს. ეს ის თვისებებია, რომლებსაც სლოვენიის ნაკრებს ვერავინ წაართმევს”.
სლოვენია საქართველოსთან, პოლონეთთან, ხორვატიასთან, ესპანეთთან და ჩეხეთთან ერთად ევრობასკეტის C ჯგუფში მოხვდა. 6 გუნდიდან მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გავა.
სლოვენიის ნაკრების გაფართოვებული, 16-კაციანი შემადგენლობა:
გორან დრაგიჩი, იაკა ლაკოვიჩი, იაკა ბლაჟიჩი, ზორან დრაგიჩი, კლემენ პრეპელიჩი, ედო მურიჩი, ბოსტიან ნახბარი, დომენ ლორბეკი, ლუკა ლაპორნიკი, იურე ბალაჟიჩი, იაკა ბროდნიკი, გეზიმ მორინა, მირზა ბეგიჩი, უროშ სლოკარი, გასპერ ვიდმარი, ნებოისა იოკსიმოვიჩი
 
სლოვენიის ნაკრების საკონტროლი მატჩების განრიგი
26 ივლისი: სლოვენია – უკრაინა (დომჟალე)
28 ივლისი: სლოვენია – მაკედონია (ლიტია)
2 აგვისტო: სლოვენია – ლატვია (ცელიე)
3 აგვისტო: სლოვენია – თურქეთი (ცელიე)
4 აგვისტო: სლოვენია – სერბეთი (ცელიე)
10-11 აგვისტო: ბელგრადის ტურნირი (სერბეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა)
16 აგვისტო: სლოვენია – ბოსნია-ჰერცეგოვინა (იესენიცე)
18 აგვისტო: სლოვენია – რუსეთი (ლიუბლიანა)
23 აგვისტო: სლოვენია – მონტენეგრო (კოპერი)
24 აგვისტო: სლოვენია – იტალია (კოპერი)