სლოვენიის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

სლოვენიის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქე სლოვენიას ერთ–ერთი ლიდერი და გუნდის იმედი – ერაზმ ლორბეკი გამოაკლდა. ეს ამბავი სლოვენიელთა ნაკრების შეკრებამდე რამდენიმე საათით ადრე, 10 ივლისს გაირკვა.
 
ამ ამბავთან დაკავშირებით სლოვენიის კალათბურთის ფედერაცია და ნაკრების მწვრთნელი ბოჟიდარ მალკოვიჩი ოფიციალურ განცხადებას უახსოეს დღეებში გააკეთებენ და ლორბეკის ნაკრებიდან მოკვეთის მიზეზსაც დაასახელებენ. ესპანური „ბარსელონას“ ი ფორვარდ–ცენტრი სლოვენიაში, კურორტ კრასნა გორაში ჩავიდა, სადაც დღეს, 13 საათზე, ნაკრების შეკრება დაიწყო, მაგრამ ლორბეკს არ უვარჯიშია, რამდენიმე საათში კი სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის ვებ–გვერდზე  ერაზმის ნაკრებიდან მოკვეთის ინფორმაცია გაჩნდა.
 

ერაზმ ლორბეკი
 
რამდენიმე დღით ადრე ერაზმის ძმა, დომენ ლორბეკიც ჩამოშორდა ნაკრებს, რისი მიზეზიც ფეხზე გადატანილი ოპერაცია გახლდათ. რა გახდა კლასითა და რეპუტაციით უფრო მაღალი ერაზმ ლორბეკის ნაკრებს მიღმა დარჩენის მიზეზი, ამას რამდენიმე დღეში შევიტყობთ. თუმცა ეს უკვე ნაკლებმნიშვნელოვანია. ფაქტი ერთია: სლოვენია ევროპის ჩემპიონატზე ერთ–ერთი ლიდერის გარეშე დარჩა.
 
დღევანდელ შეკრებაზე არ მისულან სლოვენიის ნაკრების წამყვანი მოთამაშეები: ბოსტიან ნახბარი, იაკა ლაკოვიჩი, მატიაჟ სმოდიში და სამო უდრიჰი. მწვრთნელთან შეთანხმების საფუძველზე ეს კვარტეტი ნაკრებს 18 ივლისს, სლოვენიის ქალაქ პტუჟში შეუერთდება.