სოხუმი ჩემპიონის ტიტულს დაიცავს (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სოხუმი ჩემპიონის ტიტულს დაიცავს (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს „ოლიმპი“
და „სოხუმი“ შეხვდებიან.

 დღეს, სპორტის სასახლეში მეორე ფინალისტი გაირკვა. თემურ კანკიასა
და ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილმა სოხუმელებმა ნახევარფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტ
შეხვედრაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი დამაჯერებლად – 75:60 დაამარცხეს
და ფინალში გავიდნენ. სოხუმელები მოქმედი ჩემპიონები არიან და ტიტულის დაცვა „ოლიმპთან“
მოუწევთ.

 სოხუმელებმა გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს. ზღვისპირელებმა
გუნდურად და უფრო დამაჯერებლად ითამაშეს, იბრძოლეს და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს შანსი
არ დაუტოვეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მეოთხედში ჩამორჩენილმა აკადემიელებმა მეორეში
ლიდერობა მოიპოვეს, დიდი შესვენების შემდეგ სოხუმელებმა ძალები მოიკრიბეს და თამაშის
სასურველ კალაპოტში ჩაყენება მოახერხეს. დიდი შესვენების შემდეგ „შსს-აკადემია“
35:34 იგებდა, მაგრამ კახა ჯინჭარაძის, ოთო ბულიავას და სხვა სოხუმელთა ძალისხმევით
ლიდერი მალევე შეიცვალა.
 მესამე პერიოდი „სოხუმმა“ 20:15 მოიგო და გადამწყვეტი
პერიოდის დაწყებამდე 4 ქულით დაინაურდა. მოპოვებული უპირატესობა სოხუმელებმა მალევე
გაზარდეს, ჯინჭარაძე ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო. მას ბურთიც გადაჰქონდა მეტოქის მოედანზე
და შეტევასაც ძირითადად თავად აგვირგვინებდა. უმეტეს შემთხვევაში მას ამის საშუალებას
აკრძალული მეთოდებით არ აძლევდნენ და შედეგად აკადემიელები ჯინჭარაძეზე 14-ჯერ (!)
დაჯარიმდნენ. ჯინჭარაძემ 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, მთლიანობაში კი 25 ქულა მოაგროვა
და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისი და ოთო ბულიავას ძალისხმევით სოხუმელთა უპირატესობამ
ბოლო პერიოდში 10 ქულას გადააჭარბა. გადამწყვეტ მომენტში საკმაოდ სარგებლიანი იყო ლატვიელი
ლეგიონერი კარლის მუჟნიეკსი, რომელიც ბურთს საიმედოდ აკონტროლებდა და უმნიშვნელოვანესი
4 ქულაც ჩააგდო.

 მატჩის ბედი საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე გადაწყდა,
როცა „სოხუმმა“ 12-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და მეტოქესთვის მიუწვდომელი გახდა. დამარცხებული
„შსს-აკადემია“ და „რუსთავი“ მესამე ადგილისთვის მატჩს 11 აპრილს, საკალათბურთო აკადემიის
დარბაზში, 18 საათზე ითამაშებენ. 

ფინალური სერიის პირველი შეხვედრა 8 აპრილს, აკადემიაში,
14 საათზე გაიმართება, ხოლო მეორე მატჩი 11 აპრილს, 20 საათზეა დანიშნული. საჭიროების
შემთხვევაში, მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 13 აპრილს, სპორტის სასახლეში, 20 საათზე
გაიმართება.

მატჩიშემდგომი პრესკონფერენცია:

ლიკა ქაჯაია(სოხუმი):
მადლობა მოწინააღმდეგეს ასეთი თამაშისთვის. ნამდვილად ორივე გუნდი იმსახურებდა ფინალში
გასვლას. თუმცა დღეს ჩვენ უფრო იღბლიანები აღმოვჩნდით. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს,
რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებსთვის.

თემურ კანკია(სოხუმი):
პირველ რიგში, მადლობა ,,შსს აკადემიას’’ ასეთი ლამაზი
სერიისთვის, ყველაფერი ბოლო თამაშში გადაწყდა. ორმაგად სასიხარულო იყო გამარჯვება იმიტომ,
რომ მართლაც ძალიან ძლიერ გუნდს მოვუგეთ. მათ ძლიერი სამწვრთნელო შტაბი და შემადგენლობა
ჰყავს. თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა დღეს ყველაფერი სწორად გააკეთეს და დამსახურებულად გავედით
ფინალში.

ოთო ბულიავა(სოხუმი):
მეორე თამაშის წაგების შემდეგ, უფრო დიდი სტიმულო მოგვეცა. აუცილებლად უნდა მოგვეგო,
უკვე მესამე წელია ,,სოხუმი’’ ფინალს თამაშობს და ეს პრესტიჟის ამბავია. მადლობა შსს
აკადემიას. ფინალში მაქსიმუმს გავაკეთებთ. 

არჩილ ჟღენტი(შსს აკადემია):  მივულოცავ ,,სოხუმს’’ გამარჯვებას, მართლაც სამართლიანად და დამსახურებულად მოიგეს. მე ვაფრთხილებდი ბიჭებს, რომ პლეი ოფში სულ სხვანაირი თამაშები იქნებოდა. ,,სოხუმმა’’ ბოლომდე იბრძოლა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.
სოსო მაჭავარიანი:
მივულოცავ მეტოქეს ფინალში გასვლას. პლეი ოფი ყოველთვის დაძაბულია და ახლაც ასე იყო.
სოხუმმა ბოლომდე იბრძოლა და შედეგსაც მიაღწია.