სოხუმი და არმია ევროშეკრებაზე

სოხუმი და არმია ევროშეკრებაზე

თავდაცვის სამინისტროს გუნდი “არმია” 2 იანვარს სლოვენიაში გაემგზავრა, სადაც საწვრთნელ შეკრებას გაივლის და ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. უცხოურ შეკრებას გაივლის “სოხუმიც”, რომელმაც სავარჯიშოდ და ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად კურორტი ანტალია შეარჩია.

როგორც “არმიის” კალათბურთელებმა განაცხადეს, ჯერ არაა გადაწყვეტილი, კონკრეტულად რომელ გუნდებს გაეჯიბრებიან სლოვენიაში. მეტოქეების ვინაობა ადგილზე გაირკვევა და როგორც წინასწარი ინფორმაციითაა ცნობილი, “არმია” სლოვენიის უმაღლესი ლიგის გუნდებს გაეჯიბრება. თავდაცვის სამინისტორ გუნდი სლოვენიაში 16 იანვრამდე დარჩება.ბოლო წლებში უცხოურ შეკრებაზე ქართული გუნდები უსახსრობის გამო ვერ დადიოდნენ. ახლა კი საზღვარგარეთ ერთბაშად 2 გუნდი მიემგზავრება. ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილი “სოხუმი”, რომელსაც 3 ამერიკელი ლეგიონერი ჰყავს, საწვრთნელ შეკრებას თურქეთის ცნობის კურორტ ანთალიაში გაივლის. სოხუმელები შეკრებაზე 4 იანვარს გაემგზავრებიან და ანთალიაში 3 საკონტროლო მატჩს გამართავენ 8, 10 და 12 იანვარს. ჯერ არც სოხუმელთა მომავალი მეტოქეებია ცნობილი, თუმც როგორც კლუბის პრეს-ატაშე თენგიზ პაჭკორიამ განაცხადა, “სოხუმი” თურქეთის მეორე ლიგის გუნდებს შეხვდება და 14 იანვარს სამშობლოში დაბრუნდება.