სოხუმი-საქართველომ რუსთავში იმარჯვა და მეოთხედფინალურ სერიაში დაწინაურდა

სოხუმი-საქართველომ რუსთავში იმარჯვა და მეოთხედფინალურ სერიაში დაწინაურდა

22-წლამდელთა ჩემპიონატში უკვე მეორე წყვილში დაიწყო მეოთხედფინალური სერია. რეგულარულ ჩემპიონატში B ჯგუფის მეორეადგილოსანმა “რუსთავმა” A ჯგუფში მე-3-ზე გასულ სოხუმი-საქართველოს უმასპინძლა და შეხვედრა მძლავრადაც დაიწყო. თუმცა სტუმრებმა თამაშის დალაგება მოახერხეს და მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ გამარჯვებამდე მივიდნენ. მიხეილ გელაშვილის გაწვრთნილმა სოხუმელებმა რუსთავი 88:79 (სტატისტიკა) დაამარცხეს და სერიაში დაწინაურდნენ.

მატჩის მე-6 წუთზე რუსთაველები 15 ქულით – 22:7 იგებდნენ და თითქოს საბოლოო გამარჯვებაც არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ სტუმრებმა ტაქტიკა შეცვალეს, სწორი გადაადგილებები მოახდინეს და ვითარებაც გამოასწორეს. პერიოდის ბოლომდე სოხუმელებმა ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს და მეორე ათწუთეულიდან ახალი ძალებით შეუტიეს. თუმცა დიდ შესვენებამდე რუსთაველები მედგრად იდგნენ და ლიდერობას არ თმობდნენ. ტაიმი მასპინძლებმა 46:44 მოიგეს, მაგრამ მესამე პერიოდში მეტოქეს ეფექტური ვერაფერი დაუპირისპირეს. სტუმრებს დაპყრობილი ჰქონდათ საჯარიმო და ფარის მისადგომები.

გუნდური თამაშით სოხუმი-საქართველომ ლიდერობა მოიპოვა და ბოლო პერიოდს 6-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. ბოლო პერიოდში რუსთავი ეცადა, მაგრამ გამართულად მოთამაშე სოხუმელებს მოგება ვეღარ აართვა. გოგა ცეკვავას გაწვრთნილმა რუსთაველებმა საბოლოო ჯამში მეტოქეზე 12-ით მეტი, 16 სამქულიანი ჩააგდეს, თუმცა წაგებას მაინც ვერ გადაურჩნენ. სოხუმი-საქართველომ 46 საჯარიმო ესროლა, საიდანაც 32 გამოიყენა, რუსთაველებმა კი 16-დან მხოლოდ 9 მიითვალეს.

გამარჯვებულებს 20 ქულითა და 11 მოხსნით ვახტანგ გოგბერაშვილმა ულიდერა. 23 ქულა და 7 მოხსნა ალეკო ვახტანგაძის ანგარიშზე იყო, საბა შარვაშიძემ და საბა კალმახელიძემ 17-17 ქულა მიითვალეს. რუსთავში შეუჩერებელი იყო დავით ლორია, რომელმაც 33 ქულა (7 სამქულიანი) მიითვალა, თუმცა მხოლოდ მისი შედეგიანობა საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 

სერია 2 მოგებამდეა, მე-2 მატჩი კი 30 მარტს თბილისი არენაზე გაიმართება. თუ საჭირო გახდა, მე-3 მატჩს 3 აპრილს ისევ რუსთავი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთ მეოთხედფინალში სპორტუნი 1:0 უგებს ვსა-ს სერიას. 30 მარტს სტარტს აიღებს კიდევ 2 მეოთხედფინალური სერია: ქუთაისი-სოხუმის კოლხა და ოვერტაიმი-ბასკო 2.