სუპერლიგის წლევანდელი სეზონი “სოხუმისთვის” დასრულებულია. გია კაზანჯიანისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩი დღეს “კაკტუსთან” გამართა და ამით რეგულარული ჩემპიონატი დაამთავრა. სოხუმელებმა 32 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს და ბოლო ადგილი დაიკავეს.
“სოხუმს” სუპელრიგაში დარჩენის შანსი კვლავ რჩება. კალათბურთის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, მომავალი სეზონიდან სუპერლიგაში გუნდების რაოდენობა იზრდება და სოხუმელებს “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ “ტიტებთან” საკვალიფიკაციო მატჩების გამართვა ელის. სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება და გამარჯვებული 2018-2019 წლების სეზონის სუპერლიგაში მე-10 ადგილს მოიპოვებს.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, სოხუმელებმა “კაკტუსთან” 82:99 წააგეს. სოხუმელებს დაუბრუნდათ ამერიკელი ლეგიონერი კვან უოლერი, რომელიც გუნდის ხელმძღვანელობამ მას მერე მოაბრუნა ამერიკიდან, რაც ფედერაციის გადაწყვეტილების შემდეგ სუპერლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდა. უოლერმა კაკტუსელებს 24 ქულა ჩაუგდო, “სოხუმი” კი წინა მატჩების მსგავსად, უიმედოდ არ დამარცხებულა. თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, ცხრილში მეორე ადგილზე მყოფმა “კაკტუსმა” უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე გატეხა. საბოლოოდ არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა მეტოქე 99:82 დაამარცხეს და ცხრილში მეორე ადგილზე გამაგრდნენ.
გამარჯვებულთაგან 21 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო ახალგაზრდა ლევან გოგალაძე. ჯონ მიტჩელმაც 21 ქულა მოაგროვა, კრისტიან ჯონსონის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა. “სოხუმში” 24 ქულით უოლერი გამოირჩა, 18 ქულა და 10 მოხსნა ლევან რევაზაშვილის ანგარიშზეა, სერგო ათუაშვილმა კი შეხვედრა 10-10 ქულა-მოხსნით დაასრულა.
“კაკტუსი” რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს 29 აპრილს, “მგზავრებთან” გამართავს. დღეს სუპერლიგის ერთი მატჩი ქვემო ქართლში გაიმართება: 19:00 საათზე “რუსთავი” “მგზავრებს” უმასპინძლებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
არჩილ ჟღენტი – „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:
„დღევანდელ მატჩში დავასვენეთ ჩვენი გუნდის ლიდერი – დეანდრე პარკსი, რომელიც სუპერლიგაში საუკეთესოა. რა თქმა უნდა, ვგეგმავდით ამ გამარჯვებას, შანსი გვაქვს, რომ რეგულარული ჩემპიონატი მეორე ადგილით დავამთავროთ, თუკი მგზავრებთან დარჩენილ ერთ თამაშს მოვიგებთ, ამიტომ ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.“
გია კაზანჯიანი – „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი:
„დღევანდელი შეხვედრა უფრო ამხანაგური თამაში იყო ჩვენთვის, 3 მაისს გვაქვს გადათამაშება „ტიტებთან“, მოგების შემთხვევაში სუპერლიგაში დავრჩებით, წაგებისას კი ა ლიგაში ჩამოვქვეითდებით, ამიტომ ეს მოსამზადებელი ეტაპი იყო ჩვენთვის. გარდა ამისა, გუშინ ჩამოვიდა ჩვენი წამყვანი მოთამაშე – კვან უოლერი და კარგია, რომ ითამაშა დღევანდელ მატჩში. იმედიანად ვუყურებთ მომავალ თამაშს „ტიტებთან“.
სოხუმი – კაკტუსი
სტატისტიკა: 82:99