სოხუმმა თსუ-ს ბოლო წუთს მოუგო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სოხუმმა თსუ-ს ბოლო წუთს მოუგო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სუპერლიგის მეორე წრის მე-9 ტურის ხუთივე მატჩი დღეს
სპორტის სასახლეში გაიმართება. პირველ მატჩში ერთმანეთს პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლი
გუნდები – „სოხუმი“ და თსუ შეხვდნენ. დაძაბული შეხვედრა სოხუმელთა გამარჯვებით –
76:71 დასრულდა.

მატჩი თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. ვერც ერთი გუნდი
ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას. პირველი მეოთხედი სოხუმელებმა
21:20 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი ანგარიში თანაბარი იყო – 36:36.

თსუ-ს კვლავ აკლდა კოტდივუარელი ლეგიონერი სერჟ ასელაინი,
თუმცა გუნდური სულისკვეთებით სტუდენტები მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა. მესამე პერიოდში
სოხუმელებმა 9 ქულით (49:40) დაწინაურება მოახერხეს, მაგრამ თსუ-მ ჩამორჩენის აღმოფხვრა
ბოლო მეოთხედში მოახერხა.

ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა. 3 ქულით ჩამორჩენილმა
თსუ-ელებმა ანგარიშის შორი სროლით გათანაბრება სცადეს, თუმცა ვახტანგ ჩქარეულზე სოხუმელები
დაჯარიმდნენ და ეს უკანასკნელი საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე დადგა.
თსუ-ელმა პირველი სროლა ააცილა, მეორე ჩააგდო და მესამეც ააცილა. ფარიდან ასხლეტილი
ბურთი ჩქარეულის თანაგუნდელმა გიორგი ხანიაშვილმა მოხსნა, რომელმაც სწრაფი გარღვევა
განახორციელა, მაგრამ გამთანაბრებელი ბურთი ააცილა. აცილებული სოხუმელმა ბოსკო სტოიაკოვიჩმა
მოხსნა, რომელზეც ჩქარეული არასპორტულად დაჯარიმდა. მატჩის ბედიც აქ გაირკვა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო სერგო ათუაშვილი გახდა,
რომელმაც 18 ქულასთან ერთად 25 მოხსნა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მოხსნებში მიმდინარე
სეზონის საუკეთესო შედეგი (26)სწორედ ათუაშვილს ეკუთვნის. 17 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა
ვახტანგ ქადარიას. თსუ-ში 16-16 ქულა ჰქონდათ დავით ხიზანიშვილსა და ვახტანგ ჩქარეულს,
ხოლო გივი ბაქრაძემ პირად ანგარიშზე 15 ქულა ჩაიწერა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელია
(სოხუმი): ძალინ დაძაბული და ემოციური თამაში იყო, რომელშიც აუცილებლად
ჩვენ უნდა გაგვემარჯვა. ბიჭებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, შეცდომები დავუშვი მეც.  თუმცა საბდნიეროდ მოვახერხეთ მობილიზება და გამარჯვება
მოვიპოვეთ. ჩვენი ბიჭები გადაღლილები იყვნენ და ფსიქოლოგიური მომენტიც ჰქონდათ.

გიორგი ვახანია
(თსუ): მეტოქემ ფარზე დიდი უპირატესობით გვაჯობა, რაც ჩვენი
მარცხის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო.  კარგად
იასპარეზა სერგო ათუაშვილმა, რომლის ანგარიშზე 25 მოხსნაა. რთულია ასეთ გუნდთან თამაში,
სადაც 25 მოხსნას  1 მოთამაშე აგროვებს.

რატი ბააკაშვილი
(სოხუმი): მოხარული ვართ ამ გამარჯვებით, ეს მოგება ძალიან პრინციპული
და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ვეცდებით დღვანდელი შეცდომები მომავალ მატჩებში მაქსიმალურად
გამოვასწოროთ და კიდევ უფრო უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.

თსუ – სოხუმი  71:76