სპეციალური პრიზი და საუკეთესო ლეგიონერი – კალათბურთელთა მონაგარი სამინისტროს დაჯილდოვებაზე

სპეციალური პრიზი და საუკეთესო ლეგიონერი – კალათბურთელთა მონაგარი სამინისტროს დაჯილდოვებაზე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება – „წლის სპორტსმენი“ გაიმართა. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ, ასევე დაწესებული იყო 10 სპეციალური პრიზი.

ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებული კალათბურთის სფეროდანაა. წლის საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი – გიორგი შერმადინი, რომელიც “ტენერიფე იბეროსტარში” ასპარეზობს და ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში 3-ჯერ გახდა ტურის და ერთხელ თვის საუკეთესო მოთამაშე. 

შერმადინი ესპანეთში იმყოფება, ხოლო მისი კუთვნილი პრიზი მისმა  მწვრთნელმა – ჯამლეტ ხუხაშვილმა ჩაიბარა. შერმადინის პრიზი ბატონ ჯამლეტს კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონმა, ნიკოლოზ დერიუგინმა გადასცა.

დაწესებული სპეციალური პრიზებისგან ერთ-ერთი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ერგო იმ დიდი მონაპოვარისთვის, რასაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ჰქვია. შეგახსენებთ, რომ გასულ ივლისს, ფიბა-ს აღმასრულებელმა საბჭომ კონტინენტის 4 ქვეყანა – გერმანია, იტალია, ჩეხეთი და საქართველო გამოარჩია, სადაც 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება.

ევრობასკეტის მასპინძლობის მოპოვებასთან დაკავშირებით კალათბურთის ფედერაციის მიერ მოგებული პრიზი ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისგან – მიხეილ ყაველაშვილისგან ჩაიბარა.

რაც შეეხება მთავარ პრიზს, წლის სპორტსმენად სამინისტრომ ექვსივე წარდგენილი ნომინანტი დაასახელა – ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).