სპორტის მინისტრი კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სამინისტროში შეხვდა

სპორტის მინისტრი კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სამინისტროში შეხვდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი შეხვდა. ლევან ყიფიანმა მის მოადგილე აკაკი ლოდიასთან ერთად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და ნაკრების წევრები სამინისტროში მიიღო.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მასზე სამინისტროს პრეს-სამსახურს მასმედია არ მოუწვევია. მინისტრმა განაცხადა, რომ ნაკრების წევრები გაცნობის დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ამას იმის გამო ვერ ახერხებდა, რომ ძირითადი ბირთვი მთელი სეზონი საზღვარგარეთაა და ახლა, როცა ნაკრები შეიკრიბა, შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა.

„ჩვენი დიდი სურვილია, რომ სხვა სახეობებთან ერთად კალათბურთელთა ნაკრებსაც დავეხმაროთ – განაცხადა ლევან ყიფიანმა – მოგიგვაროთ ის პრობლემები, რომელიც არსებობს და ისეთი პირობები შეგიქმნათ, მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევაში რომ დაგეხმარებათ. სამინისტროს და ზოგადად ქართველი ხალხის სურვილია, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინოთ. ყველამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ასახელოს…
…სპორტის და მასთან ერთად კალათბურთის განვითარების კუთხით არაერთი პროექტია შედგენილი და 2015 წლამდე განხორციელდება. აშენდება ახალი სპორტის სასახლე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით იქნება უზრუნველყოფილი. გარემონტდება სპორტის სასახლე, ვერის ბაღის დარბაზი, დიდუბის სპორტული კომპლექსი. 2015 წლისთვის, როცა თბილისმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უნდა უმასპინძლოს, არც კალათბურთს და არც სხვა სათამაშო სპორტის სახეობებს დარბაზების პრობლემა თითქმის აღარ ექნებათ“.
კალათბურთელებმა და მინისტრმა მათთვის საინტერესო კიდევ არაერთ თემაზე ისაუბრეს და ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ერთხელ შეხვედრის პირობით დაემშვიდობნენ.
ბესიკ ლიპარტელიანი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
„მინისტრთან შეხვედრით კმაყოფილები ვართ. ბატონმა ლევანმა გვერდში დგომა აღგვითქვა და იმედი მაქვს, ნაკრებიც გაამართლებს იმედებს და ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულ შედეგს აჩვენებს. ნაკრები 25 ივლისს სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც ყველა კალათბურთელი მოიყრის თავს და კონტინენტის პირველობისთვის იდეალურ პირობებში მოემზადება“.
ნიკა ცქიტიშვილი:
„იმედი მაქვს, რომ ჩვენს ნაკრებს შესწევს ძალა, ის იმედები გაამართლოს, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა. ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს და მის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“.
ვიქტორ სანიკიძე:
„მინისტრმა იმ თემებზე ისაუბრა, რაც ზოგადად კალათბურთისთვის და პირადად ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, შეთანხმებული მუშაობით და მონდომებით, მისაღები შედეგის მიღწევა შეიძლება როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ისე მთლიანად ქართული კალათბურთისთვის“.