სპორტის მინისტრის მოადგილე ეროვნული ნაკრების წევრებს ვარჯიშზე შეხვდა

სპორტის მინისტრის მოადგილე ეროვნული ნაკრების წევრებს ვარჯიშზე შეხვდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე ვარჯიშზე ესტუმრა. მინისტრის მოადგილე თბილისის სპორტის სასახლეში, 18 თებერვლის საღამოს ვარჯიშზე მივიდა და კალათბურთელებს წარმატება უსურვა. 

ვარჯიშის დაწყებამდე შალვა გოგოლაძე სპორტის სასახლეში შეხვდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს და მათთან ნაკრებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილე ჩვენს კალათბურთელებს ვარჯიშის დაწყებამდე გაესაუბრა და მიულოცა ის მონაპოვარი, რაც მათი ბოლოდროინდელი წარმატებების გათვალისწინებით აქვს ჩვენს ქვეყანას კალათბურთში და ზოგადად სპორტში (ვიდეო).

შალვა გოგოლაძემ ისაუბრა ახალ ევროსტანდარტულ დარბაზზე, რომელიც სპორტის სხვა სათამაშო სახეობებზეც იქნება გათვლილი, მაგრამ მისი მთავარი პროფილი კალათბურთია, რაკი სწორედ კალათბურთელების და ფედერაციის დამსახურებაა, ახალი არენის აგება რომ გადაწყდა და ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურების აქტიური დახმარებით მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილემ წარმატებები უსურვა კალათბურთელთა ნაკრებს შვეიცარიასთან მატჩში და რა თქმა უნდა, მთლიანად საკვალიფიკაციო ტურნირსა და მომავალ ევრობასკეტზე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩს 20 თებერვალს, თბილისში, შვეიცარიასთან გამართავს. როგორც მასპინძელს, საქართველოს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოპოვებული აქვს, თუმცა საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები უაღრესად მნიშვნელოვანია ნაკრების ფორმირებასა და ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად. 

ქართველ გულშემატკივრებს ეძლევათ შანსი, დაესწრონ შვეიცარიასთან მატჩს და მხარი დაუჭირონ ქართველ კალათბურთელებს. შესარჩევი ეტაპის განმავლობაში არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაიცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, დიდი სტიმული იქნება მათი წარმატებისთვის. შვეიცარიასთან შეხვედრა 20 თებერვალს, სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე დაიწყება.

მატჩზე დასასწრები ბილეთების ყიდვა გულშემატკივრებს შეუძლიათ ონლაინ შემდეგ ბმულზე tkt.ge/basketball