სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად გოგა ბითაძე აღიარეს

სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად გოგა ბითაძე აღიარეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ინდიანა პეისერსის” წევრი გოგა ბითაძე ჟურნალისტთა რჩეული გახდა. 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვაში წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის პრიზი მოიგო. ბითაძემ ჟურნალისტების გამოკითხვაში დიდი უპირატესობით აჯობა მეორე და მესამე ადგილზე გასულ ძიუდოისტებს – ეთერ ლიპარტელიანსა და ლუკა მაისურაძეს.

საუკეთესო სპორტსმენები ჟურნალისტთა ასოციაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, “Beer Time”-ში დააჯილდოვეს. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე უკვე მეოთხედ დასახელდა. 

საუკეთესო მწვრთნელი, სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით გიორგი ასანიძე გახდა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთ ნაკრების თავკაცი, გიორგი იანტბელიძე, მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამეზე – წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი – რევაზ ჩომახიძე.

საუკეთესო ნაკრებად ძალოსანთა ეროვნული გუნდი დასახელდა, მეორე ადგილი წყალბურთელებს ერგოთ, ხოლო მესამე – თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს.

საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანია. მეორე ადგილი – ნინო ოძელაშვილი, მესამე – ნინო სალუქვაძე.