სტუ დადიანის მემორიალს “დინამოს” დამარცხებით ემშვიდობება

სტუ დადიანის მემორიალს “დინამოს” დამარცხებით ემშვიდობება

დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ერთმანეთს მოუგებელი გუნდები შეხვდნენ. „დინამოს“ და სტუ-ს მანამდე 2-2 დამარცხება ჰქონდათ და ამ მატჩში ერთ-ერთს უნდა გაეხარა. შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მაყურებელმა ეფექტურად ჩაგდებული ბურთებიც იხილა და ბოლოს ოვერტაიმის მომსწრეც გახდა.
 
ეფექტურობა ვახსენეთ და აუცილებლად უნდა აღინიშნოს მატჩის საუკეთესო მოთამაშის – ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის წევრის, ვასილ ბერუაშვილის საუცხოოდ ჩატენილი ბურთი. ის საჯარიმოს გარედან აფრინდა და მიუხედავად ორი მეურვის წინააღმდეგობისა, მაინც მოახერხა ბურთის „დინამოს“ ფარში ჩატენვა. თანაც ისე, რომ მასზე მეტოქე ჰაერში დაჯარიმდა.
 

 
თითქმის მთელი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან – მეორე. ბოლოსწინა წუთზე „დინამო“ 5 ქულით იგებდა, ხოლო ბოლო წუთი რომ დაიწყო, დავით თორთლაძის გუნდი 3 ქულით ლიდერობდა და ბურთს ფლობდა. ტაქტიკური ჯარიმებითა და მწყობრი დაცვით ტექნიკოსებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, რაც იმავ ბერუაშილმა მოახერხა. მან გიორგი ტეტელაშვილის აცილებულ ბურთს დაამატა და საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა – 76:76.
 
შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა და მოედანზე სულ სხვა კალათბურთი ვიხილეთ. თუკი ძირითად დროში გუნდები თანაბარ თამაშს აჩვენებდნენ, ოვერტაიმში სტუ-მ ყველა კომპონენტში დაჯაბნა „დინამო“ და საბოლოოდ დიდი სხვაობით გაიმარჯვა.
 
A ჯგუფიდან ფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა: „შსს“-სა და თსუ-ს მატჩი ამ წუთებში დაიწყო.
 
დუდუ დადიანის X მემორიალი. აკადემიის დარბაზი. 8 ოქტომბერი
სტუ 93:80 დინამო
ძირითადი დრო: 76:76
18:14, 22:30, 22:19, 14:13, 17:4
 
სტუ: ტეტელაშვილი (15), თევზაძე, ჭოხონელიძე (4), ალხანაიძე (6), მაჩალაძე (17ქ, 17მ, ჩ), კობიძე, დეკანოიძე (6), ძიძიგური (8ქ, 7პ), კორძაძე (4), ვ. ბერუაშვილი (24ქ, 10მ), ანთაძე (9ქ, 10მ)
დინამო: ი. ლეჟავა (2ქ, 6პ), სანაძე (24ქ, 9მ), მარხვაშვილი (22), კეიდია (6), აბულაძე (2), თვაური (7), მეხრიშვილი, როდუმტა (2ქ, 7მ), სუხიშვილი (15ქ, 8მ)
მსაჯები:  დავით ბერეკაშვილი, ირაკლი ბერიშვილი
კომისარი: როლანდ ხომერიკი