სტუ–მ პირველი გამარჯვება იზეიმა

სტუ–მ პირველი გამარჯვება იზეიმა

ამ ტურამდე სტუ იყო ერთადერთი გუნდი, რომელსაც მიმდინარე სუპერლიგაში
მოგება არ ჰქონდა. ზურაბ ტომარაძის გაწვრთნილმა ახალგაზრდულმა გუნდმა პირველი
გამარჯვება მე–9 ტურში, „სამედიცინო უნივერსიტეტთან“ მოიპოვა.

შეხვედრა ძალიან საინტერესო, სწრაფი და ლამაზი მომენტებით იყო
გაჯერებული. საკმაოდ უხვქულიანი შეხვედრის ბედი ბოლო მეოთხედში გაირკვა, როცა
ტექნიკოსებმა თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე სტუ–ს უპირატესობამ 16 ქულას
მიაღწია.. მანამდე კი შეხვედრა, რომ იტყვიან, ქულა–ქულაში მიმდინარეობდა. ხან ერთი
გუნდი იყო მცირედით წინ, ხანაც მეორე. მოიხელთებდნენ თუ არა ბურთს, ორივე გუნდის
წევრები უკანმოუხედავად შეტევაში გარბოდნენ და უმეტეს შემთხვევებში მეტოქის ფარსაც
ლაშქრავდნენ. შორიდანაც კარგად ისროდნენ გუნდები – ორივემ თანაბარი ოდენობის შორი
სროლა ჩააგდეო: 11–11. საერთოდ, თამაშიდან მეტოქეებმა თითქმის თანაბარი წარმატებით
ისროლეს. „სამედიცინომ“ 41–დან 18 ორქულიანი და 34–დან 11 სამიანი ჩააგდო, ხოლო
სტუ–მ – 42–დან 20 ორიანი და 32–დან 11 სამიანი. აი, საჯარიმოებში კი ტექნიკოსებმა
იძალეს და მეტოქეზე 6–ით მეტი ჩააგდეს.

სტუ–ს 18 წლის უკანახაზელმა ბექა ჩიკვილაძემ მიმდინარე სეზონის
რეკორდი დაამყარა. აქამდე საუკეთესო შედეგი თსუ–ელ მიხეილ ფანჩულიძეს ეკუთვნოდა,
რომელმაც მე–7 ტურში „ბათუმს“ 35 ქულა ჩაუგდო. დღეს ჩიკვილაძემ 37 ქულით სარეკორდო
შედეგი დააფიქსირა. მან 10–დან 8 ორქულიანი, 10–დან 5 სამიანი და 10–დან 6 საჯარიმო
ჩააგდო. ჩიკვილაძესთან ერთად სტუ–ს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ვასილ
ბერუაშვილმა, რომელმაც 19 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.

ბექა ჩიკვილაძე

მე–9 ტურის კიდევ ერთი მატჩი ჩატარდა დღეს სპორტის სასახლეში. „ქუთაისმა“
ძალიან იოლად – 103:56 დაამარცხა „დინამო“ და ცხრილში ვითარება ძალიან დაიძაბა.
ერთბაშად 4 გუნდს 2–2 დამარცხება აქვს, ყველაზე ნაკლები ქულა კი „არმიამ“ დაკარგა
– ერთადერთი მარცხი.

მომდევნო ტურში პირველი წრის დერბია, რომელშიც ერთმანეთს შინაგან
საქმეთა და თავდაცვის სამინისროების გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს.

სტატისტიკა: სამედიცინო – სტუ  დინამო – ქუთაისი