სტუ-შსს აკადემიის საინტერესო მატჩი (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

დასრულდა სუპერლიგის მე-5 ტური. ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს
შინაგან საქმეთა აკადემიისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. 

მატჩი
საკმაოდ საინტერესო და მოხდენილი ფრაგმენტებით გაჯერებული გამოვიდა. ,,ტექნიკოსები” ბოლომდე
ღირსეულად ებრძოლნენ ჩემპიონატის ფავორიტს, მაგრამ მათი მოწადინება გამარჯვებისთვის
საკმარისი არ აღმოჩნდა.

გამოსარჩევია ზურაბ ტომარაძის გუნდის შემართება. ,,ტექნიკოსებმა” მედგარი დაცვით შსს-ს წინ გაჭრის საშუალება არ მისცეს. პირველი მეოთხედი გიორგის კეცელიდისის
გუნდმა 14:9 მოიგო, ხოლო მეორე ათწუთეულში ტექნიკოსებმა ჩარმორჩენა ქულამდეც კი შეამცირეს.
ეს უპირველესად სტუ-ს ფორვარდის, გიორგი პირველაშვილის დამსახურება იყო, რომელიც შსს-ელი
კირკ არჩიბექის არყოფნაში სამწამიან ზონაშიც თამამად შედიოდა და პერიმეტრიდან შორი
სროლებიც ჩააგდო. პირველაშვილმა პირველ ტაიმში 16 ქულა მოინაგრა. მის გარდა დიდი შესვენებისთვის
არც ერთი კალათბურთელი არ იყო 10-ქულიან ზღვარს მიღწეული.

მესამე მეოთხედი კეცელიდისის გუნდმა 7-ქულიანი ჰანდიკაპით
დაიწყო. აკადემიელთა შორის აქტიურობდნენ ბესო ლეჟავა და ბექა ბექაური, ამერიკელი გამთამაშებელი
დენოტა ვონი კი პასებითა და დაცვაში სიმკვირცხლით გამოირჩეოდა. ვონმა საბოლოოდ 7 ქულა,
7 ჩაჭრა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სტუ კი არ ნებდებოდა და გადამწყვეტი მეოხედის
წინ ჯერ არაფერი იყო გარკვეული – 51:42 შსს-ს სასარგებლოდ.

ბოლო ათწუთეულში ტექნიკოსებმა კვლავ გაიბრძოლეს. ვაჟა
ჯანაშიამ და პირველაშვილმა რამდენიმე ბურთი ჩააგდეს და სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა
– 46:51.  წინ კიდევ 5 წუთი იყო, თუმცა ეს დრო
შსს-მ უფრო კარგად გამოიყენა. ფრთები გაშალა აკადემიელთა ახალგაზრდა ფორვარდ-ცენტრმა
ბექა ბექაურმა, რომელმაც ბოლო პერიოდში ყველა ბურთი ეფექტური გდებით მიითვალა. თავის
მხრივ ულამაზესად ჩატენა ბურთი სტუ-ელმა ვაჟა ჯანაშიამ, რამაც მაყურებელი აღტაცებაში
მოიყვანა.

დარჩენილ 5 წუთში ბექაურის, ვონის, ჩად პრევიტისა და
სხვა აკადემიელთა შედეგიანმა თამაშმა სტუ საბოლოოდ გატეხა. კეცელიდისმა ბოლო წუთზე
მოედანზე ახალგაზრდული გუნდის წევრი – 15 წლის ვასილ მჭედლიშვილი შეუშვა, რომელმაც
მატჩის ბოლო წამზე სამქულიანით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 73:56.

მატჩისშემდგომი
პრესკონფერენცია:

 გეორგის კეცელიდისი (შსს აკადემია):  დღეს ჩვენმა გუნდმა აქამდე  ჩატარებული მატჩებიდან  ჩემი მწვრთნელობის განმავლობაში ყველაზე ცუდად იასპარეზა,
რითაც ძალიან უკმაყოფილო ვარ. ,,რუსთავთან“ დამაჯერებელი, დიდი სხვაობით გამარჯვების
შემდეგ გუნდმა როგორც ჩანს ჩათვალა რომ ძალიან ძლიერია. ამიტომ, ვფიქრობ,  სეზონის დასრულებამდე ნაადრევი დასკვნები არ უნდა
გამოვიტანოთ. მოწინააღმდეგე გუნდიდან გიორგი პირველაშვილმა ბევრი მოულოდნელი პრობლემა
შეგვიქმნა, სანამ კონკრეტულმა მოთამაშემ არ გაუწია მეურვეობა. სტუ-ს პროფესიონალი მწვრთნელები
ჰყავს და წარმატებას ვუსურვებ ამ გუნდს.

გია ტეტელაშვილი
(სტუ): მივულოცავ შსს აკადემიას მორიგ გამარჯვებას. ბიჭეის დღევანდელი თამაშით კმაყოფილნი
ვართ. დაცვა შედარებით დალაგებული იყო და გუნდიც ნელ-ნელა შედის ფორმაში. პირველაშვილთან
ერთად მინდა აღვნიშნო ვაჯა ჯანაშიას კარგი თამაში, რომელმაც გუნდს 21 ქულა მოუტანა.
ბევრი ხარვეზი გვაქვს გამოსასწორებელი, თუმცა წინა მატჩებისგან განსხვავებით დღეს ბიჭებმა
უფრო მობილიზებულად იასპარეზეს, განსაკუთრებით დაცვაში. მესამე პერიოდი 2 ქულით დავთმეთ,
მეორე კი ფრედ დავასრულეთ, თუმცა ჩვენს მოთამაშეებს გამოცდილება აკლიათ და ამის გამო
გარკვეულმა გარდატეხამ  მეტოქის გაქცევა გამოიწვია.  საბოლოო ჯამში ბიჭების ასპარეზობას და გუნდურობას
დღეს დადებითად შევაფასებდი.

ზვიად ანთაძე
(შსს აკადემია): ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამასი, შსს აკადემია ბევრად მეტი შეუძლია.
ფარზე არცთუ კარგად გავისარჯეთ, რაც ალბათ კირკ 
არჩიბექის უთამაშებლობით იყო გამოწვეული. ვეცდებით მომდევნო ტურში ,,არმიასთან“  ბევრად უკეთესად ვიასპარეზოთ.

 ვაჯა ჯანაშია (სტუ): ვფიქრობ დღეს მაყურებელმა
სანახაობრივი და ლამაზი თამაში იხილა. დარწმუნებული ვარ მომდევნო მატჩებში ბევრად საინტერესო
შეხვედრებს გავმართავთ. 
სუპერლიგა 
მე-5 ტური
ბათუმი – ქუთაისი 70:75
თსსუ – ოლიმპი 63:106
თსუ – რუსთავი 72:90 
სოხუმი – არმია 63:94