სტუდენტური დერბი თსსუ-მ მოიგო(მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტუდენტური დერბი თსსუ-მ მოიგო(მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ორკვირიანი შესვენების შემდეგ სუპერლიგა საინტერესო
ტურით განახლდა. დღეს, სპორტის სასახლეში 4 მატჩია დაგეგმილი, რომელთაგან 1 უკვე გაიმართა: 

სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა სახელმწიფო უნივერსიტეტს დაძაბულ ბრძოლაში – 73:70
მოუგო. თსუ მედიკოსებზე უფრო დაწინაურებულია და პლეი ოფში გასასვლელად
უკეთეს სიტუაციაში იმყოფება, თუმცა ამ წაგების შემდეგ შესაძლოა გია ჩხეიძის გუნდს საუკეთესო
რვა გუნდში მოხვედრა გაუჭირდეს.

რაც შეეხება მატჩს, იგი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.
თავდაპირველად თსუ ლიდერობდა, თუმცა როგორც ჩანს, ტრავმირებული სერჟ ასელაინის არყოფნა
სტუდენტებისთვის დიდი დანაკლისი აღმოჩნდა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ მედიკოსები ათამაშდნენ
და თამაში გაათანაბრეს. დიდი შესვენების შემდეგ თსსუ-მ 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა
– 65:55, რაც ძირითადად ზურაბ მაისურაძის, ლევარ რევაზაშვილის და გიორგი ფერიაშვილის
დამსახურება იყო. აღსანიშნავია ასევე რომან ტუკვაძის 3 სამქულიანი, რამაც მედიკოსებს
საიმედო უპირატესობა დაუბევა.

სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა ბოლო მეოთხედში მოახერხეს
ჩამორჩენის გაბათილება და ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. ბოლო წუთზე თსუ-ს კალათბურთელებმა
4 საჯარიმო ააცილეს – ვერც ირაკლი კობიძემ და ვერც ვახტანგ ჩქარეულმა საჯარომოს ხაზიდან
ბურთი ვერ ჩააგდეს, რაც გახდა კიდეც თსუ-ს წაგების მიზეზი – 73:70 სამედიცინო უნივერსიტეტელთა
სასარგებლოდ.

გამარჯვებულებს 18 ქულით ზურა მაისურაძემ ულიდერა,
15-15 ქულა ჰქონდათ ლევან რევაზაშვილსა და გიორგი რევაზაშვილს. თსუ-ში 18 ქულით გივი
ბაქრაძე გამოირჩა, რომელმაც საფინალო სირენამდე გამთანაბრებელი ორქულიანი ააცილა.
17 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ირაკლი კობიძემ.

მომდევნო, ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ‘ოლიმპი“ და
„შსს-აკადემია“ ხვდებიან.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

თენგიზ ფიცხელაური(თსსუ):
ძალიან კარგად ითამაშა ორივე გუნდმა. ბოლომდე დაძაბული ბრძოლა იყო. პირველ ტაიმში ფარი
წავაგეთ და დიდ სხვაობას გადავრჩით. მეორე ტაიმში გარკვეულწილადგამოვასწორეთ დაცვაში
თამაში. უამრავი შეცდომა დავუშვით როგორც ჩვენ, ისე მეტოქემ. თუმცა მოწინააღმდეგეს
მეტი ხარვეზი აღმოაჩნდა და ამიტომ ჩვენ ვიმარჯვეთ.მივულოცავ ჩემს ბიჭებს ნანატრ გამარჯვებას.

გიორგი ჩხეიძე(თსუ):
პირველ რიგში, მივულოცავ გამარჯვებას მეტოქეს. ასეთი თამაშები ყოველთვის დაძაბულია.
მართალია პირველ წრეში 30ქულით ვიმარჯვეთ, მაგრამ დღეს სამედიცინომ უკეთესი თამაში
აჩვენა. ბოდიშს მოვუხდი ბიჭებს და ჩვენი გუნდის გულშემატკივარს, რადგან ბოლოს შეცდომები
დავუშვი. გამარჯვების შანსი ნამდვილად გვქონდა, თუმცა 4-დან ვერცერთი საჯარიმო გამოვიყენეთ.
 ასელაინი და ნოზაძე გვაკლდა, ალბათ ამანაც
განაპირობა დღევანდელი შედეგი.

დავით არწივიძე(თსსუ):
ამ თამაშში გამარჯვება ალბათ დაცვის ხარჯზე მოვახერხეთ. გუნდურად ვითამაშეთ და განსაკუთრებით
გამოვყოფ მაღლების კარგ თამაშს დაცვაში. მადლობა ჩემს გუნდს და მოწინააღმდეგეს. ნამდვილად
საინტერესო სტუდენტური დერბი შედგა.

გიორგი ვახანია(თსუ):
ვულოცავ სამედიცინოს გამარჯვებას. არ გვყავდა ორი ძირითადი მოთამაშე და ამან განაპორობა
მარცხი.  თავიდან სროლები არ წაგვივიდა, ბოლოს
მოვუმატეთ. მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. 
თსსუ – თსუ 73:70