სტუდენტურ ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი (ჯგუფური ეტაპი) სრულდება. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში ბოლოსწინა, მე-5 ტური გაიმართა, რომლის შემდეგაც ჯგუფებში ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდა. აღსანიშნავია, რომ დებულების თანახმად, პლეი ოფში ჯგუფიდან ყველა წევრი გადადის, თუმცა ვინ რომელ ადგილს დაიკავებს, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.
პირველ ადგილზე გასული გუნდი, მეორე ჯგუფის ბოლოადგილოსანს შეხვდება, მეორე – მესამე და ასე შემდეგ. ანუ რაც უფრო მაღალ ადგილს დაიკავებ ჯგუფში, მით უფრო დაბალ საფეხურზე მყოფ გუნდს შეხვდები. დღეს გამართული ტურის შემდეგ გუნდებმა ჯგუფებში ადგილები იცვალეს. “ა” ჯგუფის” ლიდერმა “სპორტუნიმ” ბოლო პერიოდში მაინც გატეხა მებრძოლი თსსუ და დამაჯერებელი სხვაობით – 91:73 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. ამით ნუგზარ კანდელაკის გაწვრთნილმა გუნდმა ლიდერობა გაიმყარა, თუმცა თსუ-მ კვლავ იმარჯვა და პირველ ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.
გია ჩხეიძისა და ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა დღეს სეუ-ს ძლევით ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვეს. უნივერსიტეტელებმა სტუდენტური ლიგა 2 მარცხით დაიწყეს, რასაც 3 მოგება მოაყოლეს და მეორე ადგილზე გამაგრდნენ. თსუ-მ ისევ დამაჯერებლად იმარჯვა, ამჯერად სეუ-ს 72:55 (სტატისტიკა) სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა. ბოლო ტურში თსუ-მ რომ სამედიცინო უნივერსიტეტს მოუგოს, ხოლო სპორტუნი სეუ-სთან დამარცხდეს, თსუ ჯგუფში პირველ ადგილზე გავა.
“ბ” ჯგუფში საინტერესო ვითარებაა შექმნილი. ლიდერი ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი (აწსუ) გახლავთ, რომელიც საკუთარ დარბაზში ყველას ამარცხებს, თბილისში კი – აგებს. ქუთაისელებმა მასპინძელ სტუ-სთან ვერაფერი გააწყვეს, 44:74 (სტატისტიკა) განადგურდნენ, თუმცა “ბ” ჯგუფის ლიდერობა მაინც შეინარჩუნეს.
დაბოლოს, ილიაუნისა და გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის დაპირისპირება. გთსუ-მ მოახერხა გამარჯვება 85:76 (სტატისტიკა) და 3 გუნდს თანაბარი ქულები დაუგროვდათ. ბურთების შეფარდებით ქუთაისელები ლიდეროვებ, თუმცა ბოლო ტურში ვითარება შეიცვლება და ორივე ჯგუფის ცხრილი საბოლოო სახეს მიიღებს.