სუპელრიგის 1/4-ფინალურ სერიებში ქუთაისი თელავთან, ბათუმი – ივერიონთან დაწინაურდა

სუპელრიგის 1/4-ფინალურ სერიებში ქუთაისი თელავთან, ბათუმი – ივერიონთან დაწინაურდა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში საპლეიოფო ცხელება ხურდება. მეოთხედფინალური სერიის პირველ სათამაშო დღეს, როდესაც მასპინძლებმა (თსუ-მ და მარგვეთმა) დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს, დღეს დარჩენილი ორი წყვილი ჩაერთო ბრძოლაში. სერიის სტარტზე სტუმრებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, თუმცა საბოლოოდ მასპინძლებმა აქაც თავისი გაიტანეს და სერიებში 1:0 დაწინაურდნენ.

დღის პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართა, სადაც ნომინალური მასპინძელი ბათუმი იყო. იმის გამო, რომ აჭარული დარბაზი ამჟამად დაკავებულია, ბათუმელებს საშინაო მატჩების ჩატარება “თბილისი არენაზე” უწევთ. მიუხედავად ამისა, მათ მოახერხეს გორის “ივერიონის” დამარცხება — 90:79 (სტატისტიკა). ანგარიშში დაფიქსირებული 11-ქულიანი სხვაობა სრულად ვერ ასახავს იმ ბრძოლას, რაც მოედანზე იყო. გორელები ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდნენ შანსს, თუმცა ბათუმის გამოცდილებამ თავისი თქვა. შეხვედრის დინამიკა ტალღისებური გამოდგა: ერთ ეპიზოდში “ივერიონი” 8 ქულითაც ლიდერობდა, თუმცა ბათუმელებმა მოახერხეს თამაშის გარდატეხა და მაქსიმალური უპირატესობა 18 ქულამდეც კი აიყვანეს. გამარჯვებულთაგან საუკეთესო მაირინ ტომასი იყო 21 ქულით, ხოლო აკაკი დვალიშვილმა 17 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. “ივერიონიდან” 26 ქულით ჯეზიაჰ ვესტი გამოირჩა, 16 ქულა კი ენდრიუ ლუისის ანგარიშზეა. გუნდები მეორე მატჩს კვლავ თბილისში, 26 აპრილს გამართავენ.

უცხო კედლების გარეშე მოუწია ასპარეზობა “ქუთაისსაც”. ქუთაისის სპორტის სასახლე რეაბილიტაციას გადის და გუნდმა თელავს ზესტაფონში უმასპინძლა. მატჩი კახელებმა უკეთ დაიწყეს — პირველი პერიოდი მოიგეს და დიდ შესვენებაზეც მინიმალური უპირატესობით (47:46) გავიდნენ. თუმცა, მესამე პერიოდი თელავისთვის ნამდვილ კატასტროფად იქცა. ქუთაისელებმა ამ ათწუთეულში მეტოქე 35:14 გაანადგურეს და მატჩის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტეს.

საბოლოო ანგარიშია 96:79 (სტატისტიკა) – მასპინძელთა სასარგებლოდ. ქუთაისელთა რიგებში ფენომენალური მატჩი ჩაატარა კახაბერ ჯინჭარაძემ, რომელმაც 33 ქულა დააგროვა, გიორგი სულაბერიძემ კი გუნდს 20 ქულა შესძინა. თელავის მხრიდან ტერენს პარკამი 24 ქულით, ხოლო ტაისონ ჯექსონი 16 ქულით გამოირჩნენ. სერიის შემდეგი შეხვედრა 26 აპრილს ზესტაფონში გაიმართება, თუმცა ქუთაისელი გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ მომდევნო ეტაპებზე გუნდი საკუთარ ქალაქში, რეაბილიტირებულ და გაბრდღვიალებულ დარბაზში დაბრუნებას მოასწრებს.