სუპერლიგა გაიხსნა!

ენერჯი-ინვესტი იგებს, სენსაცია თბილავიამშენის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაში
სუპერლიგა გაიხსნა!განახლებულ თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მეორე ჩემპიონატი დაიწყო!
ახალი სეზონი ახალი შოუთი
უამრავ საინტერესო შოუ-ნომრიდან გამორჩეული მაინც, 18 წლის ტანმოვარჯიშის, ქეთი კახიაშვილის არაჩვეულებრივი გამოსვლა იყო. ეს გოგონა საქართველოს ნაკრების წევრია და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზეც აქვს მიღებული მონაწილეობა. ქეთის საცეკვაო ნომერი ენი ლენოქსის მუსიკაზე იყო დადგმული.
სუპერლიგის ახალმა რეჟისორმა და მისმა დამხმარე ჯგუფმა საკმაოდ მრავალფერობანი პროგრამა შესთავაზეს მაყურებელს. ახალგაზრდა ტანმოვარჯიშის გარდა, იყო ახალი გამამხნევებელი ჯგუფი, რომელმაც ცენტრალური მატჩის მსვლელობისას რამდენიმე ეფექტური საცეკვაო ნომერი შეასრულა.
იმღერა ქართველმა რეპერმა ლექს-სენმა, რომლის შესრულებითაც გულშემატკივარმა 2 ნომერი ნახა. მთელი დღის მსვლელობისას მოვლენებს ფონად სუპერლიგის ჰიმნი მიჰყვებოდა, რასაც დარბაზში დამატებითი ეფექტი შეჰქონდა.
შოუ-პროგრამის პირველი და მთავარი ნაწილის შემდეგ კი გულშემატკივარს მიესალმა  საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, რომელმაც სუპერლიგის დებიუტანტებს წარმატება და წინსვლა უსურვა, მერე კი სუპერლიგა გახსნილად გამოაცხადა!
ამსტერდამის წინ წარმატებული რეპეტიცია და პირველი MVP – გიორგი შერმადინი
დინამო – თსუ 64:7819:24, 14:17, 14:18, 17:19დინამო: ჟღენტი (20 ქ), ათანელიშვილი (12 ქ. 14 მ), ფაიქრიძე (12 ქ), ლაფანაშვილი ( ქ. 7 მ).თსუ: ფანჩულიძე (17 ქ), ხეცურიანი (14 ქ. 4 მ. 4 პ), ჩიტაშვილი (13 ქ. 8 მ. 7 პ[. 3 ჩ), მათიაშვილი (11 ქ. 17 მ), კეიდია (11 ქ).
ზაზა ცაგარეიშვილის “დინამომ” შეხვედრა ნორმალურად დაიწყო და ერთი პირობა წინ გავიდა კიდეც. თუმცა, სადღაც პირველი მეოთხედის მეხუთე წუთიდან გამოიკვეთა თსუ-ს უპირატესობა და სტუდენტებმა როგორც კი დაწინაურება შეძლეს, მატჩის ბოლმდე ლიდერობა მეტოქისთვის აღარ დაუთმიათ.
თსუ-მ დაბალანსებული შეტევით მოიგო, ხოლო მიხეილ ჩიტაშვილმა კი კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა (იხილეთ სტატისტიკა). სოლიდურად გამოიყურებოდა შიო ხეცურიანი, ხოლო რიჩარდ მათიაშვილმა კი 17 მოხსნით დაასრულა შეხვედრა.
“დინამოს” რიგებში კი 20 ქულით ყველაზე შედეგიანი არჩილ ჟღენტი იყო, რომელმაც პირველ მეოთხედში 9 ქულა გააკეთა.
ვითა – ენერჯი ინვესტი 66:8521:15, 10:29, 21:23, 14:18ვითა: მ. ბერიშვილი (27 ქ. 4 მ. 4 ჩ), ბეჟანიშვილი (13 ქ), მარკოიშვილი (9 ქ. 7 მ. 3 პ), ბერძენიშვილი (8 ქ. 9 მ).ენერჯი ინვესტი: სტეფანოვი (21 ქ. 5 მ), რივერსი (19 ქ), ბაბიაშვილი (!2 ქ. 5 მ), გამყრელიძე (9 ქ. 6 მ. 6 პ. 5 ჩ).
როგორც იცით, სულ მალე რუსთაველებს ფიბას თასზე ჰოლანდიური გუნდის წინააღმდეგ გამოსვლა ელით. ეს “ენერჯი ინვესტისთვის” ერთგვარი რეპეტიციაც იყო, ხლო შეხვედრას კი ნიდერლანდელთა დამკვირვებელი დაესწრო, რომელმაც მატჩის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: “არაჩვეულებრივი დარბაზია. აქ თამაში ნამდვილი სიამოვნებაა, ხოლო ჩვენს მეტოქეს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მძIმე ბრძოლა გველის, თუმცა პირველ შეხვედრას გასვლაზე ვატარებთ და ეს მცირე უპირატესობას გვაძლევს.”
რუსთაველთა რიგებში დებიუტი ჰქონდათ მსროლელ ბელტონ რივერსსა და ცენტრ ანვარ ფერგიუსონს.
რივერსმა ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა ფეხის მიკროტრავმა რომ არა (ეს მოტამაშემ ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა), მისი ქულათა მარაგი კიდევ უფრო სოლიდური იქნებოდა.
რაც შეეხება ფერგიუსონს, იგი სოლიდურია დაცვაში და როგორც კი გუნდს შეეწყობა, შეტევაშიც უფრო სარგებლიანი გახდება.
ზურაბ ტომარაძის “ვითამ” ძალიან კარგად ჩაატარა პირველი მეოთხედი და საბოლოოდ, 6 ქულით იმარჯვა. სოლირებდა მიხეილ ბერიშვილი, რომელმაც სამიდან ყველა შორეული ტყორცნა გამოიყენა.
“ენერჯი ინვესტმა” ნელ-ნელა დაალაგა თამაში და მეორე მეოთხედში რივერსისა და იოვან სტეფანოვის (10-დან 7 ზუსტი საშუალო სროლა) აქტიურობით  ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი წინაც გავიდა. რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა, დავით უსტიაშვილმა თავის გამოჩენის საშუალება თავისი გუნდის თითქმის ყველა წევრს მისცა, რათა მათ ჰოლანდიელებთან დაპირისპირებამდე საკმარისი სათამაშო პრაქტიკა მიეცეთ.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც აქტიური იყო სტუმრების გამთამაშებელი გიორგი გამყრელიძე, რომელმაც დაცვაში ხისტი თამაშით გამოიჩინა თავი და შეხვედრა 5 ჩაჭრით ჩაამთავრა.
საბოლოოდ, “ენერჯი ინვესტმა” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო “ვიტას” რიგებში კი მიხეილ ბერიშვილმა მატჩი 7-დან 6 ზუსტი სამიანით დაასრულა. ბერიშვილი საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვისაც იბრძოდა.
მაკაბი – თბილავიამშენი 83:7619:15, 17:18, 19:20, 28:23მაკაბი: გ. შერმადინი (28 ქ. 18 მ. 4 დ), ი. ბერიშვილი (25 ქ. 5 მ. 5 პ), კოღუაშვილი (8 ქ), დ. ბერიშვილი (7 ქ. 8 მ. 4 ჩ).თბილავიამშენი: ტუღუში (28 ქ. 7 მ), ნიკოლაძე (14 ქ. 3 პ), მინაშვილი (10 ქ. 8 მ), როდუმტა (8 ქ. 7 მ. 3 დ. 3 ჩ).
აღნიშნულ შეხვედრაში კი სუპერლიგის პირველი დღის მთავარი სენსაცია დაფიქსირდა. ჯამლეტ ხუხაშვილის “მაკაბიმ” სუპერლიგის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, “თბილავიამშენი” დაამარცხა, რაშიც ყველაზე დიდი როლი გიორგი შერმადინმა და ირაკლი ბერიშვილმა შეიტანეს.
შერმადინმა თავისი მეოთხე პერსონალური შენიშვნა მეორე მეოთხედის ბოლოსკენ მიიღო და საკმაოდ ფრთხილად უნდა ეთამაშა, მეხუთე ფოლით რეზერვში რომ არ გადასულიყო.
“თბილავიამშენს” კი თავიდანვე არ წაუვიდა სროლა და ფავორიტმა სიზუსტე ვერც მატჩის ბოლოს აღიდგინა. ერთადერთი, ვინც მთელი შეხვედრის განმავლობაში სტაბილურად აგროვებდა ქულებს, კოტე ტუღუში იყო, რომელიც შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის მოქმედი საუკეთესო მოთამაშეა.
შერმადინი მაინც გავარდა (ძირითადის დასრულებას სამ წუთზე ოდნავ მეტი უკლდა), თუმცა “მაკაბიმ” მაინც მიიყვანა შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე, ხოლო შერმადინი კი პირველი დღის საუკეთესო მოთამაშედ მასმედიელებმა დაასახელეს.
გიორგი შერმადინი და კოტე ტუღუში კი 28-28 ქულით მექულეებში დაწინაურდნენ.
შერმადინს კინოთეატრ “რუსთაველისგან” ბოლოს რამდენიმე პრემიერაზე უფასო ბილეთები გადაეცა. “რუსთაველი” საუკეთესო მოთამაშეს ყოველი ტურის დასრულების შემდეგ დააჯილდოვებს.
მაშ ასე, სუპერლიგის დაწყებას გილოცავთ!
ტურის მოვლენები
საუკეთესო მექულე – გიორგი შერმადინი (მაკაბი), კოტე ტუღუში (თბილავიამშენი) – 28-28.
საუკეთესო მომხსნელი – გიორგი შერმადინი (მაკაბი), 18.
საუკეთესო მეპასე – მიხეილ ჩიტაშვილი (თსუ), 7.
საუკეთესო ჩამჭრელი – გიორგი გამყრელიძე (ენერჯი-ინვესტი), 5.
საუკეთესო დამფარებელი – ანვარ ფერგიუსონი (ენერჯი-ინვესტი), გიორგი შერმადინი (მაკაბი), პლასიდე როდუმტა (თბილავიამშენი), 3-3-3.
სიმბოლური ხუთეული – გიორგი გამყრელიძე, ბელტონ რივერსი, მიხეილ ბერიშვილი, იოვან სტეფანოვი, გიორგი შერმადინი.