სუპერლიგა. მეოთხე ტური: დებიუტანტი გალიდერდა

საქართველოს მე-18 ეროვნული ჩემპიონატი. მეოთხე ტური. სპორტის სასახლე. 9 ნოემბერი
 
მაქაბი 59:78 სსსსუ
13:28 15:14 15:22 16:14
 
მაქაბი: აჰმედიანი (10), ჯანგველაძე (4), ანთაძე (5), იოსელიანი, ბიბილური (8); კილაძე (11), ლონდარიძე (10), ელიკაშვილი (2), ივანეიშვილი, არონია (2), სუდაძე (5), მჭედლიშვილი (2)
სსსსუ: მარხვაშვილი, გულისაბედაშვილი (4), მ. ბერიშვილი (13), გვიმრაძე (14), ათანელაშვილი (8); თვაური, გასიტაშვილი (6), ცერცვაძე, ტყეშელაშვილი (14 ქულა, 15 მოხსნა), ჩაჩიბაია (13), ბოქოლიშვილი (6)
 
მსაჯები: მაკა კუპატაძე, გურამ მიქელაძე
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 
შსს 62:73 ბათუმი
9:15 11:24 16:9 26:25
 
შსს: ნინუა (13), მიქაბერიძე (7), გოლეთიანი (18), ბ. ნოზაძე (2), აბულაძე (10 ქულა, 10 მოსხნა); ბერუაშვილი (3), პატარაია (6), ფაიქრიძე (1), ი. ბაქრაძე (2), ბერია
ბათუმი: თავართქილაძე (8), ჩხატარაშვილი (8), კეშელავა (13), მ. ბოლქვაძე (4), იმნაძე (17 ქულა, 14 მოხსნა); დოლიძე (3), ნ. ნოზაძე (5), ელიაშვილი (8), კვერნაძე (7)
 
მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, მაკა კუპატაძე
კომისარი: როლანდ გელოვანი
 
თსუ 69:81 ენერჯი-ინვესტი
21:29 15:10 10:20 23:22
 
თსუ: დ. ბერიშვილი (8), გაფრინდაშვილი (2), მარკოიშვილი (21), დ. ბარბაქაძე (9), ახალკაცი; გ. ბარბაქაძე (7), კოხრეიძე, ყველაშვილი, ხეცურიანი (2), შანიძე (20)
ენერჯი: გამყრელიძე (13), ტუღუში (17 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი), ლეჟავა (19), ბაბიაშვილი, უგრეხელიძე (13); დიდია (6), არწივიძე (3), ტუჯანი (6), ჭოჭუა (4)
 
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: მურმან ქურიძე
 
 
დინამო 66:80 ნტდ-თბილისი
14:22 20:17 22:24 10:17
 
დინამო: სიგუა (4), სორდია (20), ლაფანაშვილი (5), ხანიაშვილი (8), ქადარია (4); გ. ბაქრაძე, ნანიტაშვილი, კორკოტაძე (12), ხიზანიშვილი (13)
ნტდ: ფაშაევი (4), სარიევი (17), ნუფთალიევი (12), ბახშიევი (19), კოღუაშვილი (8); ტეტელაშვილი (1), ჩიტაშვილი (8), მამაცაშვილი, გლოველი (1), როდუმტა (2), კეიდია (2), სუხიშვილი (6)
 
მსაჯები: ხათუნა გაბედავა, დავით არეშიძე
კომისარი: თენგიზ ქიქოძე
 
 
 
მეოთხე ტურში 4 ისეთი წყვილი თამაშობდა, რომ ვერც ერთ მატჩში დაძაბულობა ვერ ვიხილეთ. ცენტრალურ შეხვედრასაც, რომელიც თსუ-სა და “ენერჯი-ინვესტს” შორის გაიმართა, ჩვეული დაძაბულობით არ ჩაუვლია. გასული ორი სეზონის ჩემპიონმა რუსთაველებმა საბოლოოდ იოლად მოუთავეს საქმე სტუდენტებს, თამაშს ინტრიგა კი მხოლოდ პირველ ტაიმში ჰქონდა.
 

თსუ–ელი გიორგი მარკოიშვილი ჟოლივეტ ტუჯანის გაურბის
 
“ენერჯი-ინვესტი” ამ სეზონში პირველად თამაშობდა სპორტის სასახლეში. რუსთაველებმა სუპერლიგის პირველი 2 შეხვედრა მშობლიურ ქალაქში გამართეს, ერთ ტურში დაისვენეს და დღეს სპორტის სასახლეში თბილისელ მაყურებელსაც დაენახვნენ. თამაში ქვემოქართლელთა აქტიურობით დაიწყო და დავით უსტიაშვილის შეგირდებმა უკვე მესამე წუთისთვის სოლიდურ უპირატესობას მიაღწიეს – 11:2.
ქვემოქართლელები მეტოქეს სისწრაფით და სიზუსტით სჯაბნიდნენ, ფარქვეშაც მარჯვობდნენ და ლიდერობაც იოლად მოიხელთეს. კოტე ტუღუში სწრაფ გარღვევებს ახორციელებდა, ვისაც ფეხს უწყობდა რუსთაველთა არანაკლებ სწრაფი უკანახაზელი ლაშა გამყრელიძე და “ენერჯი-ინვესტმა” პირველი მეოთხედი 29:21 მოიგო.
მეორე ათწუთეულიდან სტუდენტებმა შორი სროლებით სცადეს ვითარების გამოსწორება და ამ საქმეში თსუ-ს გამოცდილმა სნაიპერმა, გიორგი მარკოიშვილმა იყოჩაღა, ვინაც პირველ ტაიმში 5 სამქულიანი ჩააგდო და თსუ მეტოქეს წამოეწია – 36:39.
 

ორომტრიალი რუსთაველთა საჯარიმოში
 
მეორე ტაიმიდან რუსთაველებმა პერიმეტრი გადაკეტეს, ზონურ დაცვას მეტოქის ერთი-ერთზე აყვანა ამჯობინეს და თსუ-ს სამქულიანების წყარო გადაეკეტა. ქვემოქართლელებმა შეტევაში ჩვეული ფეხმარდობით გააგრძელეს თამაში და მათმა უპირატესობამ მესამე მეოთხედის შუაწელში ათქულიან ზღვარს გადააჭარბა.
ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა პრესსინგს მიმართა და რამდენჯერმე ბურთიც ჩაუჭრა რუსთაველებს, მაგრამ უსტიაშვილის შეგირდებმა კარგად გაართვეს თავი სტუდენტურ მარწუხებს და თამაში ისე ჩაამთავრეს, უნივერსიტეტელები სათოქეზე აღარ გაიკარეს.
 

რუსთაველთა ფარს უტევს ლუკა შანიძე
 
ინტერესს იწვევდა ორი აუტსაიდერის – შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ბათუმის” შეხვედრა. ეს გუნდები სუპერლიგის წამყვანი გუნდების რიცხვს არ განეკუთვნებიან და ერთმანეთთან მატჩებში გეგმავენ პლეი ოფში მოსახვედრად საჭირო გამარჯვებების მოპოვებას.
ამიტომაც, ორივე გუნდს ძვირად უღირდათ ამ თამაშის შედეგი და სავარაუდი იყო, რომ მაყურებელი დაძაბულ ორთაბრძოლას იხილავდა, მაგრამ… ბათუმელებმა მძლავრად დაიწყეს თამაში და 15:9 მოგებული საწყისი მეოთხედის შემდეგ უპირატესობა პირველი ტაიმის ბოლოსთვის 19 ქულამდე გაზარდეს. გამოირჩეოდა ბათუმელი დავით იმნაძე, რომელმაც 17 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, თუმცა შეხვედრის ბოლო მეოთხედში პერსონალურთა ლიმიტის გამო გავარდა, რამაც ზღვისპირელთა გამარჯვება ერთხანს კითხვის ქვეშ დააყენა.
 

“ბათუმის” ფარისკენ მანუჩარ ნინუა დაიძრა
 
თუმცა ჩინებულად ითამაშეს გამოცდილმა ლაშა კეშელავამ და შეცვლაზე შესულმა გიორგი კვერნაძემ, რამაც ბათუმელებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 73:62.
სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტისა და “მაკაბის” შეხვედრა ყველაზე უინტერესო გამოდგა და ამის მიზეზი ამ გუნდებს შორის არსებული |ძალთა თანაფარდობაა. ერთი სუპერლიგის აუტსაიდერია, მეორე კი ამ ტურში გალიდერდა. მართალია, “სასოფლოს” ერთ-ერთი ლიდერი ბექა წივწივაძე აკლდა, რომელიც პოლონეთში გასინჯვაზე წავიდა, თუმცა მიხეილ კობეშავიძის გუნდს “მაკაბის” დამარცხება არ გასჭირვებია.
 

ბათუმელთა სათადარიგოთა სკამი გამარჯვებას ზეიმობს
 
დაბოლოს, “დინამო” – “ნტდ-თბილისის” დაპირისპირება. ნუგზარ კანდელაკის აზერბაიჯანელებით გაძლიერებულმა გუნდმა საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით აჯობა დინამოელებს, თუმცა იყო მესამე მეოთხედში ეპიზოდი, როცა ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი საინტერესო ფინალისკენ მიდიოდა. თუმცა აზერბაიჯანელებმა ფხა გამოიჩინეს და კანდელაკის გუნდს გაამარჯვებინეს.უნდა აღინიშნოს, რომ ენტედელთაგან ათქულიანი ზღვარი მხოლოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებმა გადალახეს.
 
 
“მაკაბი” – სსსსუ

სსსსუ – “მაკაბი”. ორი 4 ნომერი და ორივე გიორგი: გულსაბედაშვილი და კილაძე
 

სსსსუ – ელი ლევან ტყეშელაშვილი მსაჯს არ ეთანხმება
 

“დინამო” – ნტდ